საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პერსონალურ მონაცემთა დაცვა პანდემიის დროს


ახალი კორონავირუსის „COVID-19" გავრცელების სტატისტიკური მონაცემების მიღმა მილიონობით ადამიანის ტრაგედიაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფოების, ეროვნული ჯანდაცვის სისტემების ძალისხმევისა და მედ-პერსონალის თავდადების მიუხედავად, ვირუსის გავრცელება უპრეცედენტო მასშტაბებს აღწევს, ყოველდღიურად მატულობს გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი. ბევრ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.


ვირუსთან ბრძოლის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა პერსონალური მონაცემების საკითხმა.  „COVID-19"-ით გარდაცვლილთა, ინფიცირებულთა, კარანტინსა და  თვითიზოლაციას დაქვემდებარებულთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები, ისევე როგორც უმუშევრობასა თუ ეკონომიკაზე ვირუსის გავლენის ანალიზი, რომელსაც ყოველდღიურად ვეცნობით, სწორედ პერსონალური მონაცემების დამუშავების შედეგია.

ჩინეთი და სამხრეთ კორეა აქტიურად იყენებენ სატელეფონო აპლიკაციებს და სხვა ტექნოლოგიებს მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლისთვის, ინფიცირებულთა ადგილმდებარეობისა და მათი კონტაქტების დადგენის მიზნით სომხეთის პარლამენტმა უწყებებს უკვე მიანიჭა კომუნიკაციის კომპანიებში დაცულ მონაცემებზე წვდომის უფლება. რუსეთში 100 000 სახის ამომცნობი კამერით, ჰონგ-კონგში ელექტრონული სამაჯურებით, ხოლო მექსიკაში დრონებით ხორციელდება საკარანტინო რეჟიმის კონტროლი.

ერთი მხრივ, ვირუსთან ბრძოლის პროცესში ყველა ვაღიარებთ პერსონალური მონაცემების დამუშავების საჭიროებას, მეორე მხრივ, კი გვაქვს ჩვენი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ლეგიტიმური ინტერესი. სხვადასხვა ქვეყნებში პირადი ცხოვრების შეზღუდვის თვალსაზრისით უკვე დაწესებული ზომების პარალელურად, სოციალურ ქსელებში ისმის მოწოდებები პაციენტთა დეტალური მონაცემების გასაჯაროების თაობაზე.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ევროპის საბჭომ, მონაცემების დაცვის ევროპულმა საბჭომ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ეროვნულმა უწყებებმა, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმაც, საჯარო განცხადებებითა და რეკომენდაციებით ხაზი გაუსვეს ვირუსის პირობებში პერსონალური მონაცემების, განსაკუთრებით ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის, დაცვის მნიშვნელობას, საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის საჭიროებას და სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავეს საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის.

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი გეგმავს სისტემატურად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია და მოსაზრებები პანდემიის კონტექსტში პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის საერთაშორისო ტენდენციებსა და პრეცედენტებზე. ამ ეტაპზე, კი ჩვენი მიზანია 3 კონკრეტულ და აქტუალურ კითხვაზე პასუხის გაცემა.

 

კითხვა #1

საგანგებო მდგომარეობის პირობებში იზღუდება თუ არა პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება?

პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება აბსოლუტური არ არის. შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის პირობებში შესაძლებელია ამ უფლებების შეზღუდვა, თუ კი შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით, და წარმოადგენს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელ და პროპორციულ ზომას. ზოგიერთი ქვეყანა უფრო რადიკალურ შეზღუდვებს აწესებს, მაშინ როცა ევროპული დემოკრატიები უფლებაში ჩარევის მხოლოდ პროპორციულ ზომებს მიმართავენ.

რაც შეეხება საქართველოს, 2020 წლის 21 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შედეგად პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებების არსებითი შეზღუდვა, ისევე როგორც პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებისა და წესების ცვლილება არ მომხდარა.

შეზღუდვა შეეხო მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულთათვის განსაზღვრული პაემანის უფლების მოქმედებას. დამატებით 2020 წლის 23 მარტის დადგენილებით მთავრობამ შეაჩერა  საჯარო ინფორმაციისა და პერსონალური ინფორმაციის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადები.  

 

კითხვა #2

ვის აქვს უფლება მიიღოს ინფიცირებულთა შესახებ ინფორმაცია?

ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის ანუ ე. წ. „სენსიტიურ" მონაცემების კატეგორიას განეკუთვნება, შესაბამისად ასეთი მონაცემების მიმართ დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი მოქმედებს.

როგორც ევროპული, ასევე საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაძლებლობას მონაცემებზე წვდომა ჰქონდეთ:

-         უწყებებს, დაწესებულებებსა და პირებს, რომელთა უშუალო პასუხისმგებლობაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და წესრიგის დაცვა - მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, სამედიცინო დაწესებულებებსა და საკარანტინო რეჟიმის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებს;

-         იმ პირებს, ვის სასიცოცხლო ინტერესებშიც შედის ინფორმაციის მიღება - მაგალითად ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს;

-         ყველა პირს, ვისაც უშუალოდ პაციენტმა საკუთარი ნებით მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროებით;

-         ყველა პირს, ვისთვისაც ინფორმაცია ხელმისაწვდომია პაციენტის წერილობითი  თანხმობით.

სტატისტიკური ან ანონიმიზირებული (ე. წ დაშტრიხულ, შეცვლილი) მონაცემები, თუკი შეუძლებელია კონკრეტული პირების იდენტიფიცირება, აღარ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს და შესაბამისად ასეთი მონაცემების დამუშავებაზე შეზღუდვა არ მოქმედებს.

 

კითხვა #3

შეიძლება თუ არა ინფიცირებულთა შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება და რა შემთხვევებში?

ევროპული მიდგომა, ისევე როგორც საქართველოს კანონმდებლობა პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობასთან მიმართებით ძალიან ფრთხილია და პრაქტიკულად გამორიცხავს თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე ინფორმაციის გასაჯაროების შესაძლებლობას.

შესაბამისად, დაავადების შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ინფიცირებულთა თანხმობის გარეშე სახელობითი სიისა და პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება კანონსაწინააღმდეგოა, მითუმეტეს როცა კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებს ამ ინფორმაციაზე გონივრული და პროპორციული წვდომის ლეგიტიმურ საფუძველს კონკრეტული უწყებებისა და პირთა ჯგუფებისთვის.

როგორც უკვე აღინიშნა, ცალკეულ ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება შესაძლებელია უშუალოდ ამ პირთა მიერ ან მათი თანხმობით. ხშირად, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით პირები თავად ავრცელებენ ინფორმაციას ან თანხმობას აძლევენ შესაბამის უწყებებს. მსგავს ფაქტებს საქართველოშიც აქვს ადგილი და მსოფლიო მასშტაბითაც, განსაკუთრებით თანამდებობის პირებისა თუ ცნობადი ადამიანების შემთხვევაში.

ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ქვეყანაში სადაც ინფიცირებულთა ვინაობის გასაჯაროების ფაქტს ჰქონდა ადგილი, მაგალითად მონტენეგროში ამ მიდგომას არა მხოლოდ სერიოზული კრიტიკა, არამედ საკმაოდ მძიმე შედეგებიც მოჰყვა - მათ შორის, ონლაინ სივრცეში პაციენტის ოჯახის წევრების დევნა  ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე.




https://www.weforum.org/agenda/2020/02/coronavirus-chinese-companies-response/

https://privacyinternational.org/examples/3577/armenian-government-proposes-using-cell-phone-data-track-contacts-covid-19-patients

https://privacyinternational.org/examples/3559/russia-moscow-uses-facial-recognition-enforce-quarantine

https://privacyinternational.org/examples/3505/hong-kong-electronic-monitoring-bracelets-enforce-quarantine-pose-risks-protesters

https://privacyinternational.org/examples/3562/mexico-municipality-uses-drones-enforce-lockdown-rules

https://www.coe.int/en/web/data-protection/covid-19-data-protection

https://edpb.europa.eu/our-work-tools/our-documents/other/statement-processing-personal-data-context-covid-19-outbreak_en

http://globalprivacyassembly.org/covid19/

https://personaldata.ge/ka/press/post/6349

https://privacyinternational.org/examples/3479/montenegro-public-identification-patients-leads-online-abuse