ვინ ვართ ჩვენ
|
რას ვსაქმიანობთ
IRC-ის ამოცანას წარმოადგენს ხელი შეუწყოს მეცნიერების, სხვადასხვა დისციპლინაში დაგროვილი ცოდნისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ჩაყენებას კარგი მმართველობის სამსახურში. ამავე დროს, ჩვენი ამოცანაა საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით.
ვაცნობიერებთ, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში დემოკრატიული მთავრობები, საჯარო მმართველობის პრაქტიკოსები, ასევე საჯარო მმართველობა როგორც აკადემიური დისციპლინა ახალი გამოწვევებისა და პარადიგმათა ცვლის ეპოქაში აღმოჩნდნენ, რამაც აშკარა გახადა მე-20 საუკუნეში დამკვიდრებული ზოგიერთი მიდგომისა და პრაქტიკის გადააზრების საჭიროება. დედამიწაზე კლიმატის ცვლილების, ტერორიზმის საფრთხის, ჰიბრიდული ომების, დემოკრატიის გამოწვევებისა და ეპიდემიების ეპოქაში საჭიროა, რომ მთავრობები იყვნენ უფრო მოქნილი, ადაპტირებადი და ეფექტიანი. მნიშვნელოვანია, რომ მათ შეეძლოთ არა მხოლოდ არსებული გამოწვევების/პრობლემების დიაგნოზირება და მათზე ეფექტური რეაგირება, არამედ გარკვეული დოზით მომავლის ტენდენციების პროგნოზირება და შესაძლო გამოწვევებზე ადრეული პასუხის გაცემა.
ამავე დროს გვჯერა, რომ დაგროვებული გამოცდილება, მეცნიერული ცოდნა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული მიღწევები არნახულ შესაძლებლობებს ქმნის საჯარო სექტორის ტრანსფორმაციისთვის და აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავებისთვის.
ჩვენი საქმიანობა ემყარება რწმენას, რომ საჯარო მმართველობის ინოვაციურ ტრანსფორმაციაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ინფორმირებულ, პრაქტიკული და აკადემიური ცოდნით აღჭურვილ, ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ Think-Tank ორგანიზაციებს.
სწორედ ამიტომ, IRC ცდილობს მუდმივად განავითაროს როგორც საკუთარი, ისე პარტნიორების შესაძლებლობები, მოახდინოს ინოვაციური იდეების გენერირება და ბიძგი მისცეს ცვლილებებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა - სახელმწიფო სერვისები, პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის განვითარება, ადგილობრივი თვითმმართველობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.
ჩვენი მისიაა საჯარო სექტორის მხარდაჭერისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით, ხელი შევუწყოთ კარგი მმართველობის გაძლიერებას საქართველოში. IRC მუშაობს ცოდნისა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე, საჯარო მმართველობაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების დამკვიდრებასა და მეცნიერების გამოყენებაზე საჯარო სექტორის ეფექტიანობის გასაზრდელად. ამ მიზნით ჩვენ ვატარებთ კვლევებს, ვამზადებთ ანგარიშებს, ორგანიზებას ვუწევთ ტრენინგებსა და კონფერენციებს, რაც ბიძგს აძლევს დიალოგს ცვლილებებისა და უკეთესი მმართველობისთვის. ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის სამსახურში.
ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საჯარო სერვისების ინოვაციურ ტრანსფორმაციას უკეთესი განათლების, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვის გაუმჯობესების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ბიზნესის ხელშეწყობისთვის.