საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სახის ამომცნობი სისტემები

პასუხისმგებლობის გამომრიცხავი პირობა: ამ ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს მხოლოდ ავტორის პოზიციას და არ შეიძლება რაიმე ფორმით დაუკავშირდეს იმ ორგანიზაცი(ებ)ის პოზიციას, რომლებთანაც შესაძლოა ავტორი ასოცირდებოდეს. ტექსტის კომენტატორთა მოსაზრებები კი, რა თქმა უნდა მხოლოდ მათ მოსაზრებებს გამოხატავს. ყველა შესაძლო დამთხვევა შემთხვევითია.

სახის ამომცნობი სისტემებისა და ალგორითმების გამოყენება ყველა სფეროსა და ინდუსტრიაში უპრეცედენტო  მასშტაბებს აღწევს.  ჩინეთში ასეულობით მილიონი კამერის მხედველობის არეალში პრაქტიკულად ყველა მოქალაქის თითოეული მიმიკა და ემოცია ექცევა. კამერები განთავსებულია არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ცენტრებსა და სკოლებშიც კი. მსგავსი კამერების მონტაჟი უკვე მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. მსოფლიო მასშტაბით აეროპორტებში მზარდი ტემპით ინერგება სახის ამომცნობი სისტემები. აღარავის უკვირს სახის გამოსახულებით და ღიმილით საბანკო, სატრანსპორტო, სავაჭრო და სხვა სახის მომსახურებით სარგებლობა. ჩინეთში ყველა მომხმარებელი ახალი სიმბარათის აღებისას უკვე ვალდებულია სახის სკანირება მოახდინოს.

სახის ამომცნობ სისტემებს, როგორც ყველა ტექნოლოგიურ სიახლეს ბევრი მომხრე ჰყავს, თუმცა მრავლად არიან მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც სამართლებრივი და ეთიკური რეგულირების ნაკლებობაზე მიუთითებენ და აუცილებლად მიიჩნევენ  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან, პერსონალური მონაცემების დაცვასა და კონტროლის შესაძლებლობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების სათანადო შეფასებას. სწორედ იმ მოტივით, რომ ჯერ რისკები სრულყოფილად შესწავლილი არ არის, ევროკავშირი განიხილავს ამ ტექნოლოგიის ფართო გამოყენების დროებითი აკრძალვის საკითხს.

სახის ამოცნობის ალგორითმი აფიქსირებს სახესა და მის ბიომეტრულ პარამეტრებს, შემდეგ კი ციფრულ მონაცემებს ადარებს ბაზაში არსებულ მილიარდობით ანალოგს, რის შედეგადაც მარტივად პოულობს დამთხვევას. რაც უფრო მეტი მონაცემია ბაზაში, მით უფრო მარტივია პირისა და მისი ნათესაური კავშირების იდენტიფიცირებაც კი. საუკეთესო წყარო ასეთი ბაზების შექმნისთვის სოციალური ქსელები, მობილური აპლიკაციები, ბიომეტრული საარჩევნო სიები, საზღვრის კონტროლის, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების მონაცემთა ბაზები, ამ ტექნოლოგიით მოსარგებლე საჯარო და კერძო სექტორია. 

თუ სახის ამომცნობი სისტემების სათანადო რეგულირება არ მოხდა, ადამიანის უფლებებისა და ეთიკური ნორმების სრული პატივისცემით, მასობრივი თვალთვალის, პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევის, მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გარდა, საკმაოდ მზარდია დისკრიმინაციის, აზრისა და სიტყვის გამოხატვის, პიროვნული განვითარების უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვის საფრთხეც. 2019 წელს ჰონ-კონგში დემონსტრაციების დროს დემონსტრანტები სწორედ კამერების შიშით საგანგებოდ მალავდნენ სახეებს. ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირმა მოუწოდა Amazon-ს შეჩერებულიყო "AMAZON REKOGNITION" სისტემის მარკეტინგი, რამდენადაც ტესტირების შედეგად სისტემამ კონგრესის 28 წევრი, არასწორად მიიჩნია პატიმრობაში მყოფ დამნაშავეებად, არასწორი დამთხვევის მაჩვენებელი განსაკუთრებით დიდი იყო აფრო ამერიკელებთან მიმართებით. მასაჩუსეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მედია ლაბორატორიის 2019 წლის კვლევამაც დაადასტურა, რომ ამაზონის სისტემამ ცუდი შედეგები აჩვენა  მდედრობითი სქესის და მუქი კანის მქონე პირების სქესის დადგენის შემთხვევაში. მსგავსი შეცდომები ასევე გამოვლინდა Microsoft- ის, IBM- ის და MEGVII- ის მიერ შექმნილი Buolamwini- ს სისტემაშიც.

საზოგადოების წუხილს არა თავად სახის ამომცნობი ტექნოლოგიები და ალგორითმები იწვევს, არამედ მათი გამოყენების მეთოდები და არაკანონიერ გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეები. სწორედ ამიტომ განიხილება ევროსაბჭოს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე ისეთ მიდგომებისა და რეგულაციების აუცილებლობა, რომელიც ამ ტექნოლოგიების გამოყენების სამართლიან, პასუხისმგებლიან, გამჭვირვალე და ეთიკურ გარემოს უზრუნველყოფს.