საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მრგვალი მაგიდა თემაზე – „როგორ დავძლიოთ ოჯახში ძალადობა და შემდგომი ვიქტიმიზაცია“.


2016 წლის 13 ოქტომბერს, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) ინიციატივით, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „როგორ დავძლიოთ ოჯახში ძალადობა და შემდგომი ვიქტიმიზაცია".

აღნიშნული ინიციატივა შედგა პროექტის - „გავერთიანდეთ ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად და ქალებისა და გოგონების გასაძლიერებლად საქართველოს უკეთესი მომავლისთვის" ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის მხარდაჭერით 2015 წლიდან ახორციელებს IRC.

პროექტი მიზნად ისახავს ძალადობის პრევენციისა და შემდგომი მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავებას, ასევე ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობას და ქალებისა და გოგონების გაძლიერებას პოზიტიური ცვლილებების სტიმულირებისთვის საქართველოში.

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო ზემოაღნიშნული პროექტის მიმდინარე შედეგების გაცნობას და ასევე ახალი პროექტის პრეზენტაციას - „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერა", რომლის განხორციელებასაც, ევროკავშირის მხარდაჭერით, IRC მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყებს. პროექტის მიზანია ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს შესთავაზოს საპილოტე სარეაბილიტაციო პროგრამები, ხელი შეუწყოს მათ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და სრულფასოვან ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ორგანიზაციამ დაინტერესებულ მხარეებს გააცნო პროექტის ფარგლებში მსხვერპლთა რეაბილიტაციისათვის დასახული ამოცანების განხორციელების გზები.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას თუ რა მექანიზმები არის ხელმისაწვდომი დღეს და რა ინსტრუმენტები არის შესამუშავებელი იმისთვის, რომ მოხდეს ოჯახში ძალადობის პრევენცია და დაძლევა, და შემდგომი ვიქტიმიზაციის თავიდან არიდება. დისკუსია ასევე მიზნად ისახავდა დაინტერსებული მხარეების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში შესაძლო გადაფარვების დროულ იდენტიფიცირებას და ძალისხმევის გაერთიანებას მოსალოდნელი ეფექტის მაქსიმიზაციის მიზნით.

დისკუსიისას დაისახა ურთიერთთანამშრომლობის პირობებში პრობლემების გადაჭრის გზები. ასევე, მოხდა მოსალოდნელი გადაფარვების იდენტიფიცირება დაინტერესებულ მხარეებს შორის და რიგ შემთხვევებში დაიგეგმა ერთობლივი  აქტივობების განხორციელება 2016-2017 წლებისთვის.


მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: ევროკავშირის დელეგაცია  საქართველოში, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, სოციალური მომსახურების სააგენტო, ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტი (USAID), გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია (UN WOMEN),  კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR),  სახალხო დამცველის აპარატი,  ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი,  კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი, ადამიანის უფლებათა ცენტრი და სახლი - ქალთა საკონსულტაციო ცენტრი.