პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება“ გახსნითი ღონისძიება
2020 წლის 22 იანვარს, ქ. თბილისში, სასტურმო „რუმსში" პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება" გახსნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საჯარო მმართველობის მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო, საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„საჯარო მმართველობის რეფორმა და მისი გავლენა ჩვენს ყოველდღიურობაზე, პროფესიული წრეებისა და ინტერესთა ჯგუფების გარდა, ნაკლებად აღქმადია ფართო საზოგადოებისთვის, შესაბამისად, საზოგადოებრივი ინტერესი მისი განხორციელების მიმართ დაბალია, გარდა ამისა, მისი სამოქალაქო მონიტორინგი ტექნიკურად რთული განსახორციელებელია და ის ნაკლებად არის მოქცეული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ზედამხედველობის ქვეშ. ამ სფეროში მონიტორინგის პრაქტიკა ქაოტურია და ჰოლისტიკური ჩარჩო საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგისა არ არსებობს.
ჩვენ მიზნად დავისახეთ შევქმნათ ერთიანი სისტემური ჩარჩო, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ვცადოთ საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების სრულფასოვანი შეფასება და ზოგადად წავახალისოთ აღნიშნული რეფორმის საზოგადოებრივი მონიტორინგის პრაქტიკა" - აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში IRC-ის დირექტორმა, ბ-ნმა გიორგი გაბრიელაშვილმა. პრემიერ მინისტრის აპარატის უფროსმა, ბ-ნმა გიორგი სახოკიამ თავის მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა საჯარო მმართველობის მონიტორინგის სისტემისა და საჯარო სერვისების ინდექსის თავსებადობის მნიშვნელობას. „საჯარო სერვისების ინდექსი, რომელიც დღეს შემუშავების პროცესშია, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ხარისხიანი სახელმწიფო სერვისების უზრუნველყოფისკენ, თუმცა აღნიშნული ინდექსი, მხოლოდ საჯარო უწყებების გამოყენებისთვის იქმნება. საჯარო მმართველობის მონიტორინგის სისტემა და მისი ჩარჩოები ვფიქრობ სერვისების მიმწოდებელ უწყებებს შეუქმნის დამატებით შესაძლებლობას დაინახონ სრული სურათი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია IRC-ის მიერ შემუშავებული მონიტორინგის ჩარჩოსა და საჯარო სერვისების ინდექსის თავსებადობა, რისთვისაც აქტიურ თანამშრომელობას ველით". საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა ნინო სამველიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელება, რომელიც ერთი-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმებების ეფექტური განხორციელებისთვის. „ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასთან ერთად ეფექტური და პროფესიონალური საჯარო მმართველობის განვითარება საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ძლიერი ინსტიტუტები და კარგი მმართველობა ჩვენი თანამშრომლობის მიზანია. ეს მოქალაქეების სამსახურში ყოფნის საუკეთესო გზაა. ამ თვალსაზრისით სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა გადამწყვეტია და ვფიქრობთ, საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდა და მობილიზება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კარგი მმართველობის დამკვიდრებას საქართველოში".
პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება" ხორციელდება ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით.
პროექტი მიზნად ისახავს საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის მდგრადი სისტემის შემუშავებას, ხოლო აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტი ითვალისწინებს საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული საჯარო მმართველობის რეფორმის გარე შეფასების ჩარჩოების შემუშავებას საჯარო სერვისების, საჯარო ფინანსებისა და საჯარო პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას შემუშავებული ჩარჩოების პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით და საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის პლატფორმის ამოქმედებას.
პროექტის მთავარი მიზანია შეიქმნას საჯარო მმართველობის რეფორმაზე ორიენტირებული მონიტორინგის სისტემა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ჩართულობით, ინოვაციური, საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გარე შეფასების ჩარჩოების შემუშავების გზით განხორციელდება. საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის ჩარჩოს შემუშავებით და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგულარულ ალტერნატიულ ანგარიშგებაში ჩართვით, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი ხელს შეუწყობს უფრო ფართო მიზნების განხორციელებას, კერძოდ კი "სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კარგი მმართველობა და საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა", როგორც ეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებაშია აღნიშნული.