თბილისის მუნიციპალიტეტი იწყებს საჯარო სერვისების რეფორმას
ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური უფრო სწრაფ და ეფექტიან მომსახურებას გაუწევს მომხმარებელს
თბილისი, 21 ივნისი 2018 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური იწყებს სერვისების მიწოდების რეფორმას, რომლის მიზანია არსებული გამოწვევების დაძლევა და მომხმარებელთა მომსახურების გამარტივება და ოპტიმიზაცია. რეფორმის განხორციელება ეყრდნობა პრობლემების შესწავლასა და შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებიც არქიტექტურის სამსახურისათვის შეიმუშავა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი" (IRC), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK AID-ის მხარდაჭერით.
რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული კონკრეტული ნაბიჯების განხილვა შედგა 2018 წლის 21 ივნისს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ქალაქ თბილისის მერიის, სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ორმოცზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.
შეხვედრის გახსნაზე საუბრისას, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ბოლოთაშვილმა აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მუნიციპალური მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია საქართველოში, ხოლო ეფექტიანი და დროული სერვისების უზრუნველყოფა მისი უშუალო მოვალეობაა.
„მიმდინარე რეფორმის მსვლელობაში გამოვლინდება ყველა ის ხარვეზი და გამოწვევა, რომელსაც არქიტექტურის სამსახურის მომხმარებლები აწყდებიან, ხოლო მისი მომსახურება გამარტივდება და მომხმარებელზე მორგებული გახდება", - აღნიშნა ვიცე-მერმა.
ნატო გაგნიძემ, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორმა, მიმოიხილა ის მიდგომები, რომელსაც ეფუძნება IRC-ის ექსპერტთა გუნდის რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა.
„ჩვენი რეკომენდაციები ეყრდნობა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყველაზე მოთხოვნადი სერვისების ანალიზს, მათ შორის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას. ჩვენს მიერ შეთავაზებული რეფორმა მიზნად ისახავს განავითაროს სერვისების მიწოდების მოდელი იმ ტექნიკებისა და მიდგომების გამოყენებით, რომელიც აღიარებულია, როგორც კარგი პრაქტიკა საჯარო სერვისების განვითარების სფეროში. დაგეგმილი ცვლილებები ეფუძნება მომხმარებელზე ფოკუსირებულ მიდგომას, რაც არის გადამწყვეტი სერვისის ხარისხიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად. მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტების დანერგვა, ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესება, ხარისხის უზრუნველყოფის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა, ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშეწყობა, სტანდარტიზებული საოპერაციო პროცედურების შემუშავება და საინფორმაციო ტექნოლოგიების უკეთ გამოყენება, ეს არის ის ამოცანები რომელიც უნდა შესრულდეს. IRC-ის ექსპერტთა გუნდის მიერ შემოთავაზებული მოდელი, წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე დაინერგოს სერვისის დიზაინისა და მიწოდების თანამედროვე მიდგომა, რომლის რეპლიკაციაც შემდგომ შეიძლება მოხდეს მუნიციპლაური სერვისების სხვა მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ" - განაცხადა ნატო გაგნიძემ.
ახალი სერვის მოდელის განხილვას მოჰყვება რეფორმის უშუალო განხორციელება, რომელიც 2018 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ახალი სერვის მოდელის შემუშავება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK AID-ის მხარდაჭერით მათი უფრო ფართო პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება.
„მუნიციპალური სერვისების რეფორმა საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. თბილისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის კარგი მაგალითია. გაეროს განვითარების პროგრამა მიესალმება ასეთ მიდგომას, რომელიც არსებული გამოწვევების დაძლევას უწყობს ხელს. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი პრაქტიკა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაინერგება", - აღნიშნა ნათია ნაცვლიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში.
საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმა ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო მმართველობის განვითარებას ისახავს მიზნად. საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევის მიხედვით, ის 2020 წლამდე განხორციელდება და ექვს საკვანძო სფეროს შეეხება: პოლიტიკის დაგეგმვა, საჯარო სასმსახური და ადამიანური რესურსების მართვა, ანგარიშვალდებულება, მომსახურების მიწოდება, საჯარო ფინანსების მართვა და თვითმმართველობა.