საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამუშაო შეხვედრა თანაშემოქმედებისთვის სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან

 

სახელმწიფო სერვისები თითქმის არასდროსაა საკმარისად კომფორტული და ეფექტიანი თუ  მისი შექმნის პროცესში მხოლოდ პროფესიონალი მოხელეები მონაწილეობენ. მოქალაქისა თუ ბიზნესის წარმომადგენლების ყოველდღიურობის შეგრძნება და მათი პერსპექტივიდან პრობლემების დანახვა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ შევქმნათ პროგნოზირებადი და მარტივად გამოსაყენებელი - მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები. ასეთი სერვისები მომხმარებლის სიღრმისეული კვლევითა და თანაშემოქმედების გზით მიიღწევა. სწორედ ეს არის სახელმწიფო სერვისების დიზაინის თანამედროვე მიდგომა, რომელიც მომხმარებელს განიხილავს არა როგორც სერვისის პასიურ მიმღებს, არამედ როგორც თანაშემოქმედს.

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) მხარს უჭერს სახელმწიფო სერვისების დიზაინის თანამედროვე კულტურის დამკვიდრებას საჯარო დაწესებულებებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის (2022 – 2025 წწ.) შესაბამისად.

IRC და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (NASP) ერთობლივად მუშაობენ სააგენტოს ერთ-ერთი სერვისის რედიზაინზე. ამ პროცესის ეფექტიანად წარსამართად, შეიქმნა სერვისის დიზაინის გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია IRC-ისა და სააგენტოს მრავალპროფილური წარმომადგენლებისგან.

გუნდის წევრებმა ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე შეაჯამეს სერვისის დიზაინის აღმოჩენის ფაზაში ჩატარებული კვლევის მიგნებები და დაგეგმეს შერჩეული სერვისის მომხმარებელთა კვლევის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები. მომხმარებელთა პერსპექტივის გამოვლენა და გათვალისწინება სერვისის შექმნის თანამედროვე მიდგომის მნიშვნელოვანი ელემენტია. თანაშემოქმედების სესიაზე გუნდის წევრებმა შეავსეს სერვისის დიზაინის ისეთი მოდელები როგორებიცაა „პერსონა“ და „მომხმარებლის სამოგზაურო რუკა“, რაც გუნდს დაეხმარა თავი წარმოედგინა მომხმარებლის ადგილას და დაენახა მომხმარებელთა გამოცდილება სერვისით სარგებლობის სრულ პროცესში.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისის რედიზაინი მიმდინარეობს პროექტისსახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობაფარგლებში, რომელიც IRC მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ხორციელდება.