ციფრული ელჩები მუნიციპალიტეტებში
"ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი" (IRC) ეძებს აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც გახდებიან ციფრული ელჩები და დაეხმარებიან სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ციფრული მუნიციპალური სერვისებით სარგებლობაში, შემდეგ მუნიციპალიტეტებში - ბოლნისი, დმანისი, მარნეული, ოზურგეთი, ტყიბული და ქუთაისი.
IRC-ის შესახებ
ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) 2010 წელს საქართველოში დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა (ააიპ), რომლის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მხარდაჭერა წარმოადგენს. PAR-ის ქოლგის ქვეშ შემავალ სხვა მიმართულებებთან ერთად, IRC-ის განსაკუთრებული ინტერესის საგანი სახელმწიფო სერვისების, მათ შორის მუნიციპალური სერვისების განვითარებაა. გარდა ამისა, ორგანიზაცია საქმიანობს ისეთ სფეროებში როგორებიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვა, ადამიანის უფლებები, ინოვაციები საჯარო სექტორში და სხვა. ორგანიზაცია ინიციატივებს ახორციელებს დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით - ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო საზოგადოება (GIZ) და სხვა.
პროექტისა და ციფრული ელჩის შესახებ
IRC, 2023 წლის სექტემბრიდან, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადამიანებზე ორიენტირებული ეფექტური სერვისების შექმნასა და მიწოდებაში". პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ხარისხის გაუმჯობესებას. ინიციატივა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებში მომხმარებელზე მორგებული, კომფორტული და ეფექტიანი სერვისების მიწოდებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ბიზნესებისთვის.
პროექტის ერთ-ერთ ამოცანად განისაზღვრა მუნიციპალური სერვისების პლატფორმის (ms.gov.ge) შესახებ ცნობიერების ამაღლება და პლატფორმის გამოყენების ხელშეწყობა. სწორედ ამ ამოცანის შესრულებას ეხმიანება "ციფრული ელჩების" ინოვაციური იდეა.
ციფრული ელჩი არის აქტიური მოქალაქე, რომელიც მზადაა მისი საქმიანობით ხელი შეუწყოს ციფრული სერვისების პლატფორმის (ms.gov.ge) შესახებ ცნობადობის გაზრდასა და კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მიერ პლატფორმაზე ხელმისაწვდომი სერვისებით სარგებლობას.
ციფრული ელჩის საქმიანობა მოიცავს, როგორც შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას, ასევე, მოსახლეობისათვის კონსულტაციისა და დახმარების გაწევას პლატფორმაზე წარმოდგენილი მუნიციპალური ციფრული სერვისებით სარგებლობისას.
შერჩეულ ციფრულ ელჩებს, პროექტის ფარგლებში, ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგები, მათ შორის, სწავლება ციფრული სერვისების პლატფორმის (ms.gov.ge) გამოყენებასთან დაკავშირებით.
www.ms.gov.ge - ეს არის პლატფორმა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მუნიციპალიტეტებში ელექტრონულად შეიტანონ განაცხადი, მათთვის სასურველ საკითხებზე. პორტალზე მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს მუნიციპალურ სერვისებს, მიიღოს ინფორმაცია წარმოსადგენი დოკუმენტაციის თაობაზე და გააკეთოს შესაბამისი განაცხადი.
ვის შეუძლია გახდეს ციფრული ელჩი?
ციფრული ელჩი შესაძლოა გახდეს შესაბამის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სრული ზოგადი განათლების მქონე, აქტიური მოქალაქე, რომელსაც აქვს ადგილობრივი თემის განვითარების ინტერესი/მოტივაცია და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
** კომუნიკაციისა და ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი;
** ტექნიკური უნარ-ჩვევები, ციფრული მოწყობილობების გამოყენების გამოცდილება;
** გამართულად წერის უნარი;
** აქვს მზაობა გაერკვეს მუნიციპალური სერვისების შინაარსში და ისწავლოს ციფრული სერვისების პლატფორმის გამოყენება.
სასურველია ციფრული ელჩის კანდიდატს ჰქონდეს თემის განვითარებაზე მიმართულ სხვადასხვა აქტივობაში/პროექტში მონაწილეობის გამოცდილება.
ციფრული ელჩის ძირითადი ფუნქციები:
ციფრული სერვისების პლატფორმის (ms.gov.ge) შესახებ ინფორმაციის გავრცელება პოტენციურ მომხმარებლებში. კერძოდ, ინდივიდუალური და ჯგუფური საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება მოსახლეობასთან და სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან;
განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულში/სოფელში ციფრული სერვისების პლატფორმის პოტენციური მომხმარებლების იდენტიფიცირება. კერძოდ, ციფრული ელჩი აიდენტიფიცირებს სოფლად მცხოვრებ პირებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერს და წარმოადგენენ პლატფორმის (ms.gov.ge) პოტენციურ მომხმარებლებს, ასევე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც გეგმავს მიმართოს მუნიციპალიტეტს რომელიმე სერვისით სარგებლობისთვის და შეიძლება დაინტერესდეს ციფრული პლატფორმის გამოყენებით;
ციფრული სერვისების პლატფორმის გამოყენებაში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციული და ტექნიკური მხარდაჭერა. კერძოდ, ციფრული ელჩი მუნიციპალური სერვისების პოტენციურ მომხმარებელს განუმარტავს ციფრული სერვისების პლატფორმაზე განთავსებული მუნიციპალური სერვისებით სარგებლობისთვის საჭირო პროცესს/ნაბიჯებს და ეხმარება განცხადებისა და დოკუმენტების ელექტრონულად წარდგენაში;
განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრები პირებისა და მის მიერ გაწეული კონსულტაციის/დახმარების აღრიცხვა. ასევე, გაწეული სამუშაოების შესახებ ყოველკვირეული ანგარიშის შემუშავება და IRC-ისთვის მიწოდება.
ციფრული ელჩის სამუშაო არეალი
IRC-ის მიერ შეირჩევა 6 ციფრული ელჩი, რომლებიც ინდივიდუალურად იმუშავებენ შემდეგ ლოკაციებზე:
** ბოლნისი, სოფელი ტალავერი
** დმანისი, სოფლები მაშავერა და ვარდისუბანი
** მარნეული, სოფელი კასუმლო
** ოზურგეთი, სოფელი ხრიალეთი
** ტყიბული, სოფელი კურსები
** ქუთაისი, ადმინისტრაციული ერთეული "ავტოქარხანა".
სამუშაოს ხანგრძლივობა და ანაზღაურება
ციფრული ელჩის პოზიცია გულისხმობს მოქნილ სამუშაო გრაფიკს. ციფრულ ელჩსა და IRC-ს შორის გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება.
ციფრული ელჩის ფიქსირებული ანაზღაურება შეადგენს თვეში 500 ლარს (გადასახადების ჩათვლით), რასაც დაემატება სამუშაოს წარმატებით შესრულებისთვის დაწესებული დამატებითი ანაზღაურება/პრემია, რომლის ოდენობა და პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.
ციფრული ელჩის მხარდაჭერა
მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ციფრული ელჩი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ტრენინგებითა და საჭირო ინფორმაციით. კერძოდ:
** ციფრულ ელჩს მიეწოდება დეტალური ინფორმაცია მუნიციპალურ სერვისებთან დაკავშირებით, ასევე მას განემარტება ინსტრუქცია/წესები ციფრული სერვისების პლატფორმის (ms.gov.ge) გამოყენების შესახებ.
** ციფრული ელჩი გაივლის ტრენინგებს: 1. პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებში და 2. ეფექტურ კომუნიკაციაში.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, 18 მარტის 23:59 საათამდე, შეავსოთ თანდართული ფორმა - https://forms.gle/DXQQFNad5FxMd9mL8, ასევე მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე - m.napetvaridze@irc.ge. კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ ამავე ელექტრონულ მისამართზე.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა და გასაუბრება.
კონკურსით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა გექნებათ 14 მარტს, 12:00 საათზე ვირტუალურად დაესწროთ საინფორმაციო შეხვედრას, Zoom პლატფორმის საშუალებით - https://irc-ge.zoom.us/j/9733473923?pwd=cWNtcFdGVmMreDlkNmUxdkp6cVFWUT09&omn=89278060418
გისურვებთ წარმატებებს!