საინფორმაციო შეხვედრა შიდა ქართლში მოქმედ CSO-ებთან
IRC აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრების ციკლს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სერვისების დაგეგმვისა და მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ.
ინიციატივის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სახელმწიფო სერვისების მართვის სფეროში, რათა ორგანიზაციებმა უფრო ეფექტურად შეძლონ მათი ინტერესის სფეროში არსებული საჯარო სერვისების მონიტორინგი და ცვლილებების ადვოკატირება.
გორში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შიდა ქართლის რეგიონში მოქმედმა ორგანიზაციებმა. შეხვედრა შემდეგი საკითხების განხილვას დაეთმო:
- საჯარო სერვისების დაგეგმვისა და მართვის თანამედროვე მიდგომები და მათი მნიშვნელობა სერვისების ეფექტიანად მიწოდებისთვის.
- ის მიდგომები და ინსტრუმენტები, რასაც გვთავაზობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია (2022-2025 წწ.).
- საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) სახელმწიფო სერვისების დიზაინის, მიწოდებისა და ხარისხის მართვის კომპონენტების განხორციელება.
- CSO-ების როლი სტრატეგიის განხორციელებაში.
შეხვედრა გამოირჩეოდა ინტერაქტიულობით და მონაწილეთა მაღალი ინტერესით საკითხისადმი. შეხვედრაზე მიღებულმა ინფორმაციამ მონაწილეთათვის კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა თანამედროვე მიდგომებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით სახელმწიფო სერვისების დიზაინის/დაგეგმვის მნიშვნელობა. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მუნიციპალურ დონეზე საჯარო სერვისების დაგეგმვისა და მართვის ახალი მიდგომების დანერგვის და სერვისების გაუმჯობესების საჭიროებას.
IRC-ის გუნდისთვის მისასალმებელია საქართველოს რეგიონებში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უკიდურესად მაღალი ინტერესი საჯარო სერვისების დაგეგმვისა და მართვის თანამედროვე მიდგომების მიმართ, რაც გვახარებს და დამატებით მოტივაციას გვძენს რათა ჩვენი საქმიანობა უფრო ინტენსიური და მასშტაბური გავხადოთ ამ სფეროში.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა პროექტის „სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა" ფარგლებში, რომელსაც IRC გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ახორციელებს.
IRC მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს საქართველოს სხვა რეგიონებში მსგავსი შეხვედრების ჩატარებას.