ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) მხარს უჭერს სახელმწიფო სერვისების დიზაინის თანამედროვე კულტურის დამკვიდრებას საჯარო დაწესებულებებში
IRC-მა ორდღიანი გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა სოფლის განვითარების სააგენტოსთან (RDA). შეხვედრა სააგენტოს სერვისების დიზაინთან და მართვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას მიეძღვნა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტით გათვალისწინებული აქტივობებისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის ურთიერთმიმართებას. აღნიშნული სტრატეგია, რომელიც 2022 წლის აპრილის თვეში დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ, საჯარო დაწესებულებებს მოუწოდებს დანერგონ სერვისის დიზაინის თანამედროვე მიდგომები და ამ გზით შექმნან გაცილებით უფრო ხარისხიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები. სოფლის განვითარების სააგენტოში, როგორც ერთ-ერთ მსხვილ საჯარო დაწესებულებაში, სერვისების დიზაინისა და მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ინსტრუმენტების დანერგვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
სამუშაო შეხვედრა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის ხელშეწყობით მიმდინარე ინიციატივის „სასოფლო-სამეურნეო სერვისების ხარისხის გაუმჯობესება სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის" ფარგლებში, რომელსაც ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) 2022 წლის სექტემბრიდან ახორციელებს.