საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ანაზღაურებადი სტაჟირება IRC-ის საჯარო მმართველობის პროგრამაში

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) 2010 წელს საქართველოში დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა (ააიპ), რომლის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მხარდაჭერა წარმოადგენს. PAR საქართველოში 2015 წლიდან მიმდინარეობს და 6 მიმართულებას აერთიანებს: პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია; საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა; ანგარიშვალდებულება; სახელმწიფო სერვისების მიწოდება; საჯარო ფინანსების მართვა; ადგილობრივი თვითმმართველობა. PAR-ის ქოლგის ქვეშ შემავალ სხვა მიმართულებებთან ერთად, IRC-ის განსაკუთრებული ინტერესის საგანი სახელმწიფო სერვისების განვითარებაა. გარდა ამისა, ორგანიზაცია საქმიანობს ისეთ სფეროებში როგორებიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვა, ადამიანის უფლებები, ინოვაციები საჯარო სექტორში და სხვა. ორგანიზაცია ინიციატივებს ახორციელებს დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით - ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), USAID, GIZ და სხვა.

ვისთვის არის სტაჟირება განკუთვნილი?

IRC-ის საჯარო მმართველობის პროგრამაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე ვიწვევთ:

** საჯარო მმართველობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს.
** სოციოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს.

მოთხოვნები:

** უცხო ენის (სასურველია ინგლისურის) თავისუფლად ფლობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გამართულად წერის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

კვლევით საქმიანობაში ან/და პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება კანდიდატს უპირატესობად ჩაეთვლება (იგულისხმება როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ისე მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული კვლევები/პროექტები).

რას გთავაზობთ?

IRC გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მეგობრული გუნდის წევრობას, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, ასევე ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობას.

კონკურსის გამარჯვებულები, 2022 წლის სექტემბრიდან, ჩაერთვებიან IRC-ის მიმდინარე პროექტებში და პროექტის გუნდთან ერთად, განახორციელებენ პროექტებით გათვალისწინებულ აქტივობებს. მათ შორის, კონკურსის გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სერვისების დაგეგმვისა და მიწოდების პრაქტიკის შეფასებაში, ასევე ჩაერთვებიან სახელმწიფო სერვისების შექმნის ან არსებული სერვისების განახლების პროცესში. თანამედროვე მიდგომების გამოყენებით სახელმწიფო სერვისების შექმნა/განახლება ითვალისწინებს კვლევით საქმიანობასაც - სერვისის მომხმარებელთა კვლევას სხვადასხვა ტექნიკის (სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფი, დაკვირვება) გამოყენებით. მომხმარებელთა კვლევის შედეგად გამოვლენილი მიგნებები მნიშვნელოვანია სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება კონკურსში გამარჯვებულ პირთან შეთანხმების საფუძველზე, სამუშაო რეჟიმის გათვალისწინებით.

რა არის საჭირო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად?

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) და სამოტივაციო წერილი (1-1, 5 გვერდი). სამოტივაციო წერილი სასურველია პასუხს სცემდეს შემდეგ კითხვებს:

** რატომ არის თქვენთვის საინტერესო IRC-ის საჯარო მმართველობის პროგრამაში დასაქმება? გთხოვთ, იყოთ გულწრფელი.
** რა არის ის ცოდნა და უნარები, რაც ფიქრობთ, რომ დაგეხმარებათ IRC-ში დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში?
** გაქვთ თუ არა პრაქტიკული გამოცდილება და რას მოიცავს იგი? გაქვთ თუ არა მონაწილეობა მიღებული კვლევებში ან/და რაიმე პროექტში (იმ შემთხვევაში თუ მონაწილეობა გაქვთ მიღებული კვლევაში - გთხოვთ, მიუთითოთ კვლევის რა ეტაპზე იყავით ჩართული, მაგ: ჩართული იყავით კვლევის დაგეგმვის ეტაპზე, ინფორმაციის/მონაცემების შეგროვების ეტაპზე, ანალიზის ეტაპზე თუ ანგარიშის შემუშავების ეტაპზე)?
** რას ელით IRC-ის გუნდისგან და ზოგადად სტაჟირებისგან?

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა და გასაუბრება.

ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ 7 აგვისტოს 23:59 საათამდე, ელ. ფოსტაზე - m.napetvaridze@irc.ge

გისურვებთ წარმატებებს!