ტრენინგი - სახელმწიფო სერვისების დიზაინი და მიწოდება
13-17 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის თანამშრომლებისთვის შემაჯამებელი, სიღრმისეული ტრენინგი ჩატარდა - სახელმწიფო სერვისების დიზაინი და მიწოდება. ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს ერთიანი მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ჭიკაიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა ნინო ღონღაძემ და ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორმა გიორგი გაბრიელაშვილმა.
ტრენინგს უძღვებოდნენ ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის ექსპერტები: სახელმწიფო სერვისების საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ვაშაკიძე, სახელმწიფო სერვისების ადგილობრივი ექსპერტი გიორგი გაბრიელაშვილი, საჯარო მმართველობის ექსპერტი მარიამ ნაფეტვარიძე და შემოქმედებითი აზროვნებისა და სერვისების დიზაინის მიმართულების სპეციალისტი ეთუნა ბურდული.
ტრენინგი მიზნად ისახავდა, კარგი საერთაშორისო პრაქტიკისა და ერთიანი მომსახურების ცენტრში არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, მონაწილეებისთვის გაეცნო სერვისების შექმნისა და განახლების პროცესის სტრუქტურიზებული ჩარჩო, რომელიც გარკვეულ თანმიმდევრობაში მოაქცევს სერვისების შექმნისა და მიწოდების პროცესს და ამავე დროს დაეხმარება მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს მათი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სწორად გამოყენებაში.
ტრენინგი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერილი ინიციატივის „შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრისა და მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაზრდის მხარდაჭერა სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებული მიწოდების მიზნით - ფაზა II" ფარგლებში, რომელიც ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა (IRC) განახორციელა.