საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტრენინგი - მოქალაქეთა ჩართულობის გზამკვლევის პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე.

17 მარტს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი - მოქალაქეთა ჩართულობის გზამკვლევის პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე.

ტრენინგს უძღვებოდნენ ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის სერვისების დიზაინის კონსულტანტები ეთუნა ბურდული და მარიამ ნაფეტვარიძე.

ინტერაქტიული ტრენინგის დროს კონსულტანტებმა ტრენინგის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია  სერვისის დიზაინის პროცესთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მათ დეტალურად გააცნეს გზამკვლევით გათვალისწინებული თითოეული საფეხური. ტრენინგი გაჯერებული იყო პრაქტიკული სამუშაოებით - მონაწილეებს ეთხოვათ ჯგუფური დავალებების შესრულება და მათი პრეზენტაცია.

ტრენინგი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში - ფაზა II ფარგლებში, რომელსაც ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) 2021 წლის სექტემბრიდან ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში IRC-ის გუნდის მიერ შემუშავდა მოქალაქეთა ჩართულობის გზამკვლევი - პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც  სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს სერვისის დიზაინის პროცესში სტრუქტურიზებულად და სისტემურად შეაგროვოს მომხმარებელთა უკუკავშირი, დააიდენტიფიციროს მათი საჭიროებები და გამოავლინოს  სერვისთან დაკავშირებული ნაკლოვანებები. გარდა ამისა, IRC-ის გუნდმა სააგენტოს ერთ-ერთი სერვისის მაგალითზე პრაქტიკაში განახორციელა გზამკვლევით გათვალისწინებული აქტივობები (გზამკვლევის პილოტირება). გზამკვლევის პილოტირების დროს მოხდა ე.წ. „learning by doing” მიდგომის გამოყენება და აქტივობების განხორციელებაში სააგენტოსა და სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობა.