IRC-მა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით ახალი პროექტი დაიწყო
2021 წლის აპრილიდან ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა (IRC) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით პროექტის “პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება საქართველოში” განხორციელება დაიწყო, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მმართველობის რეფორმის ფონდის“ პროექტისა და შვედეთის მთავრობის მიერ.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალ საფეხურზე გადასვლას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების გზით. უფრო კონკრეტულად კი პროექტი ემსახურება შემდეგი ამოცანების შესრულებას:
პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ორიენტირებული პროგრესის გაზომვადი ინსტრუმენტის შემუშავება
სახელმწიფო ინსტიტუტებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დანერგვა და აღსრულება საუკეთესო მაგალითების შექმნის გზით
პროექტის ინიცირებით ინსპექტორის სამსახური შეძლებს შექმნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემური დანერგვის წარმატებული მაგალითები საჯარო სექტორში, რაც გულისხმობს სამიზნე დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების პროცესების აღწერას, მათ შეფასებას მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან მიმართებით და შეფასების შედეგების მიხედვით კონკრეტული დაწესებულებისათვის მონაცემთა დაცვის პროგრამის შემუშავებას, მათ შორის შესაბამისი პოლიტიკისა და პროცედურების დოკუმენტების შექმნას, რაც ერთი მხრივ, კონკრეტული დაწესებულების პრაქტიკას მოიყვანს შესაბამისობაში მონაცემთა დაცვის თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებთან, ხოლო, მეორე მხრივ, იქნება სახელმძღვანელო მაგალითი სხვა დაწესებულებებისთვის.
პროექტი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 30 ნოემბერს დასრულდება.