საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

IRC თბილისის მერიის სამსახურის ე.წ "ფოტოხაფანგების" შეძენას ეხმიანება

ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია ავტომობილებიდან აგვის გადაყრის ფაქტების დეტექციისთვის ე.წ. “ფოტოხაფანგების” შეძენას გეგმავს.

მისასალმებელია ქალაქში სისუფთავის შესანარჩუნებლად გადადგმული ნაბიჯები, თუმცა ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს მსოფლიოში არსებული ტენდენციები და საფრთხეები, რომლებთანაც მსგავსი მასშტაბური დაკვირვების სისტემის არსებობა ასოცირდება. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შესაძლებელია პრობლემური იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარკვეული ასპექტები, რის გამოც, მნიშვნელოვანია, თბილისის მერიამ  გაითვალისწინოს ეს რისკები, მიიღოს შესაბამისი ზომები და უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა.

ავტომანქანებიდან ქუჩების დანაგვიანების შესამცირებლად საერთაშორისო პრაქტიკაში სხვადასხვა ტიპის სპეციალიზირებული ვიდეო და ფოტო კამერები გამოიყენება. თუმცა, ყოველი მათგანის ფუნქციონირება თავისთავად გულისხმობს დიდი მოცულობით ყოველი იმ პირის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას, ვინც ამ კამერების ხედვის არეალში გადაადგილდება.მონაცემთა ამ ფორმით დამუშავებისას მნიშვნელოვანია:

- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი  საზოგადოებისთვის

- განისაზღვროს დასამუშავებელ მონაცემთა მოცულობა და მონაცემთა  დამუშავების საფუძვლები

რადგან ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა ტიპისა და რა ტექნიკური შესაძლებლობების მქონე კამერების გამოყენება იგეგმება, მნიშვნელოვანია თბილისის მერიამ უზრუნველყოს, ბაზარზე ხელმისაწვდომი კამერების ფართო ტექნიკური შესაძლებლობების შეზღუდვა (მაგ., არ ჩაიწეროს ხმა, მასობრივად არ აკონტროლოს ქცევა და ა.შ.);

- ევროპული კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, მონაცემთა დამუშავების მსგავსი სისტემის დანერგვამდე მიზანშეწონილია არსებული რისკებისა და მონაცემთა დამუშავების ზეგავლენის შეფასებ (DPIA), რათა დადგინდეს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის მასშტაბი და შესაძლო რისკები და შედეგები

- აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მასშტაბის ადეკვატური ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღება, რაც სხვა მრავალ საკითხთან ერთად აუცილებლად გულისხმობს მონაცემებზე (ვიდეოგამოსახულებაზე) წვდომის მქონე პირთა წრის განსაზღვრასა და მის მონიტორინგს

 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან საქართველოს მასშტაბით უკვე ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ე.წ. “ჭკვიანი კამერების” საშუალებით გარკვეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება.

IRC-ის მიერ აღნიშნული “ჭკვიანი კამერების” სისტემის შესწავლისას გამოიკვეთა სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშრებული გარკვეული პრობლემური საკითხები [იხ. ანგარიში ვრცლად] 

ვიმედოვნებთ, რომ არსებული პრაქტიკის, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით თბილისის მერია ყველა საჭირო ზომას მიიღებს მონაცემთა დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად და საუკეთესო პრაქტიკის დასამკვიდრებლა, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული საზოგადოებისათვის/მონაცემთა სუბიექტებისათვის.

მნიშვნელოვანია რომ დედაქალაქის მერიამ შეძლოს მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით მიღებული ზომების დოკუმენტირება და მათი დემონსტრირება იქამდე, სანამ აღნიშნული ფორმით მონაცემთა დამუშავებას დაიწყებს.

IRC გამოთქვამს მზადყოფნას,  გაუწიოს კონსულტაცია თბილისის მერიას ვიდეოდაკვირვების სისტემის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.