საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გუნდი
გუნდისა და ორგანიზაციის შესახებ
IRC არის საქართველოში დაფუძნებული არაკომერციული/არასამეწარმეო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა და ზრუნვა ადამიანის უფლებების გაძლიერებაზე. ორგანიზაცია 2010 წელს, საერთო ღირებულებებისა და მიზნების მქონე სხვადასხვა პროფესიის ადამიანის მიერ დაფუძნდა. IRC-ის გუნდი საჯარო მმართველობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, სამართლის და სხვა სპეციალობების წარმომადგენლებს აერთიანებს. გუნდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ პრაქტიკოსები, რომელთაც საშუალო და მაღალი დონის საჯარო მოხელეების რანგში აქვთ საჯარო მმართველობის სფეროში რეფორმების გატარების უშუალო გამოცდილება. IRC-ის საქმიანობის ძირითად არეალს საქართველო წარმოადგენს, თუმცა ორგანიზაცია პერიოდულად მონაწილეობს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მიმდინარე განვითარების პროექტებში, რომელთა მიზანი საჯარო სექტორის რეფორმირებაა. IRC-ის ამონაცას წარმოადგენს ხელი შეუწყოს მეცნიერების სხვადასხვა დისციპლინაში დაგროვილი ცოდნისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ჩაყენებას კარგი მმართველობის სამსახურში. ამავე დროს, ჩვენი ამოცანაა საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით. ვაცნობიერებთ, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში დემოკრატიული მთავრობები, საჯარო მმართველობის პრაქტიკოსები, ასევე საჯარო მმართველობა როგორც აკადემიური დისციპლინა ახალი გამოწვევებისა და პარადიგმათა ცვლის ეპოქაში აღმოჩნდნენ, რამაც აშკარა გახადა მე-20 საუკუნეში დამკვიდრებული ზოგიერთი მიდგომისა და პრაქტიკის გადააზრების საჭიროება. დედამიწაზე კლიმატის ცვლილების, ტერორიზმის საფრთხის, ჰიბრიდული ომების, დემოკრატიის გამოწვევებისა და ეპიდემიების ეპოქაში საჭიროა, რომ მთავრობები იყვნენ უფრო მოქნილი, ადაპტირებადი და ეფექტიანი. მნიშვნელოვანია, რომ მათ შეეძლოთ არა მხოლოდ არსებული გამოწვევების/პრობლემების დიაგნოზირება და მათზე ეფექტური რეაგირება, არამედ გარკვეული დოზით მომავლის ტენდენციების პროგნოზირება და შესაძლო გამოწვევებზე ადრეული პასუხის გაცემა. ამავე დროს გვჯერა, რომ დაგროვილი გამოცდილება, მეცნიერული ცოდნა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული მიღწევები არნახულ შესაძლებლობებს ქმნის საჯარო სექტორის ტრანსფორმაციისთვის და აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავებისთვის. ჩვენი საქმიანობა ემყარება რწმენას, რომ საჯარო მმართველობის ინოვაციურ ტრანსფორმაციაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ინფორმირებულ, პრაქტიკული და აკადემიური ცოდნით აღჭურვილ, ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ Think-Tank ორგანიზაციებს. სწორედ ამიტომ, IRC ცდილობს მუდმივად განავითაროს როგორც საკუთარი, ისე პარტნიორების შესაძლებლობები, მოახდინოს ინოვაციური იდეების გენერირება და ბიძგი მისცეს ცვლილებებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა - სახელმწიფო სერვისები, პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის განვითარება, ადგილობრივი თვითმმართველობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.
გუნდისა და ორგანიზაციის შესახებ
ექსპერტები