საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის საკითხის დროული რეგულირების აუცილებლობა
 14/10/2019

ავტორი: თამარ ქალდანი

 

პასუხისმგებლობის გამომრიცხავი პირობა: ამ ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს მხოლოდ ავტორის პოზიციას და არ შეიძლება რაიმე ფორმით დაუკავშირდეს იმ ორგანიზაცი(ებ)ის პოზიციას, რომლებთანაც შესაძლოა ავტორი ასოცირდებოდეს. ტექსტის კომენტატორთა მოსაზრებები კი, რა თქმა უნდა მხოლოდ მათ მოსაზრებებს გამოხატავს. ყველა შესაძლო დამთხვევა შემთხვევითია.

 

 

2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით, საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 28-ე მუხლის პირველი ნაწილის, 44-ე მუხლის პირველი ნაწილის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმების დაუყოვნებლივ ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან ძალადაკარგულად ცნობა შექმნიდა მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანების საფრთხეს, რადგან აღარ იარსებებდა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სასამართლოს აქტების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, რის გამოც, შესაძლებელია დარღვეულიყო პირების პირადი ცხოვრების უფლება. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია კანონმდებლისთვის მიეცა გარდამავალი პერიოდისთვის რეგულირების შესაძლებლობა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას ძალადაკარგულად სცნო 2020 წლის პირველი მაისიდან.

 

2020 წლის 1 მაისამდე, სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი, კანონმდებელს არ გამოუყენებია  გარდამავალ პერიოდში საკითხის რეგულირების შესაძლებლობა და თუ სასწრაფოდ არ იქნა მიღებული აუცილებელი საკანონმდებლო რეგულაციები 2020 წლის 1 მაისიდან ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტი საჯარო ინფორმაციის სახით ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი, რამაც თავის მხრივ ბევრი ადამიანის ინტერესისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება შეიძლება დააზიანოს. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საჯარო ინფორმაციის შემდგომი დამუშავებისთვის  კანონი არანაირ შეზღუდვებს არ აწესებს, ხოლო გადაწყვეტილებების ინტერნეტით გავრცელების შემთხვევაში, „უფლება იყო დავიწყებულის“ გამოყენება საქართველოს მოქალაქეებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია და ამასთან, ნასამართლეობის გაქარწყლების ინსტიტუტმაც შეიძლება ბევრისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგოს.

 

აქვე, ხაზგასასმელია ის მნიშვნელობა, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას აქვს მართლმსაჯულების საზოგადოებრივი ზედამხედველობის,  სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების ინტერესის თვალსაზრისით.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ არც საჯარო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება და არც პირადი ცხოვრებისა და მისი ერთ-ერთი კომპონენტის, პერსონალური მონაცემების უფლება არ განეკუთვნება აბსოლუტური უფლებების კატეგორიას, ორივე ექვემდებარება გარკვეულ შეზღუდვებს, თუმცა აუცილებელია ორივე უფლებაში ჩარევა იყოს ლეგიტიმური, თანაზომიერი, პროპორციული და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.

 

ამ დოკუმენტის მიზანია ხელი შეუწყოს საკითხის დროულად რეგულირებას, პირად და საჯარო ინტერესებს შორის  სწორი და სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფას. შესაბამისად, დოკუმენტში მოკლედ არის თავმოყრილი და შეჯამებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  ძირითადი მიდგომები და  ევროპული გამოცდილება.

 

 

საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში გასათვალისწინებელი საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა და მითითებები

 

-         საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას, შესაბამისად საკანონმდებლო ცვლილებები უნდა შეეხოს მხოლოდ ღია სასამართლო სხდომის შედეგად და არა დახურული სხდომის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას;

-         საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქმის ღია სხდომაზე განხილვა თავისთავად არ მიუთითებს, რომ არ არსებობს ამ საქმეზე მიღებულ სასამართლოს აქტებში მოცემული პირადი ხასიათის ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ინტერესი. შესაძლებელია, არსებობდეს შემთხვევები, როდესაც სასამართლოს აქტში გადმოცემულია ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ გაჟღერებულა სასამართლოს სხდომაზე და რომელიც გაჟღერების შემთხვევაში მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა პირადი ცხოვრების უფლების დაცვის ინტერესს და განაპირობებდა კიდეც სხდომის დახურვას“.

-         საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიუთითა, რომ სასამართლოს სხდომაზე ინფორმაციის გავრცელებას, როგორც წესი, აქვს იმწუთიერი ეფექტი, ხოლო სასამართლოს აქტის საჯარო ინფორმაციის ფორმით გაცემა განუსაზღვრელი ვადით ხდება. სასამართლოს სხდომაზე ინფორმაცია, როგორც წესი, ვრცელდება მხოლოდ სხდომაზე მყოფ პირებს შორის, ხოლო - საჯარო ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ასევე დიდია საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული სასამართლოს აქტების ავტომატიზების და ინტერნეტის საშუალებით გავრცელების, მათ შორის, ინტერნეტ-ძებნის საშუალებებით გავრცელების ალბათობაც, რაც კიდევ უფრო ფართოს ხდის ინფორმაციის მიმღებ პირთა წრეს და, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, სასამართლო სხდომის საჯაროობასთან შედარებით უფრო ინტენსიურად ზღუდავდეს პირადი ცხოვრების უფლებას. ამრიგად, ღია სასამართლო სხდომის ჩატარება გადაწყვეტილების კონფიდენციალობაზე პირის ინტერესის არსებობას თავისთავად არ გამორიცხავს.“

-         სასამართლომ ცალსახად არაკონსტიტუციურად მიიჩნია პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა იმ შემთხვევაში, როდესაც უშუალოდ მონაცემთა სუბიექტს არ გააჩნია მათი დაცვის ინტერესი/სურვილი. . . . სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ შესაძლებელია, კანონმდებლობით ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლის მიხედვითაც,  სასამართლო თავად გამოარკვევს აქვს თუ არა სუბიექტს პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის სურვილი.

-         სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ პირის შესახებ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული მონაცემები, იმის გათვალისწინებით, თუ ვინ არის ეს პირი, რა ინფორმაციას შეიცავს ეს მონაცემები, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მონაცემების დაცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვისათვის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, განსხვავდება დატვირთვით და დაცვის საჭიროებით. ამასთან ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ინტერესი იზრდება პირადი ცხოვრების უფლებაზე ინფორმაციის გამჟღავნებით გამოწვეული ნეგატიური გავლენის ზრდასთან ერთად. .... მაგალითად, სასამართლოს აქტში, შესაძლოა, მითითებული იყოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ცხოვრების ამა თუ იმ ინტიმური დეტალის შესახებ და ა.შ. ამგვარ შემთხვევებში, ცხადია, იზრდება მსგავსი ინფორმაციის დაცვის ხარისხი და საჭიროება. სასამართლოს აზრით, ცალკეული ყოფითი ფაქტის შესახებ არსებული ინფორმაციის გავრცელება, ჩვეულებრივ, არ ახდენს მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას პირად ცხოვრებაზე და, შესაბამისად, არ სარგებლობს მაღალი კონსტიტუციურსამართლებრივი დაცვის გარანტიით.

-         „განსაკუთრებული“ პერსონალური მონაცემების გავრცელებამ შესაძლოა, არაერთ შემთხვევაში მნიშვნელოვნად უარყოფითი გავლენა მოახდინოს პირადი ცხოვრების უფლებაზე. აღნიშნულის მიუხედავად, ცალკეული პირის, არსებული კონტექსტის, ინფორმაციის გავრცელების არეალის, ფორმის და სხვა არაერთი გარემოების გათვალისწინებით, ამგვარი ინფორმაციის გავრცელება ყოველთვის არ ახდენს არსებით გავლენას პირად ცხოვრებაზე და ვერ გადაწონის სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის საზოგადოებრივ ინტერესს.

-         რაც შეეხება „ჩვეულებრივი“ კატეგორიის მონაცემების შემცველ გადაწყვეტილებებს, ინფორმაციის მომთხოვნი მხარე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ მას ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე ხელმისაწვდომობის არა ზოგადი, არამედ გამორჩეული ინტერესი გააჩნია. პერსონალური მონაცემების სასარგებლოდ დადგენილი პირველადი ბალანსი არ არის თავსებადი საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ღირებულებათა წესრიგთან.  

-         საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს კანონმდებლის ლეგიტიმურ შესაძლებლობას, რომ პირის შესახებ არსებული ცალკეული კატეგორიის ინფორმაციასთან დაკავშირებით დაადგინოს იმგვარი ბალანსი, რომლის ფარგლებშიც, როგორც წესი, არ გაიცემა სასამართლო აქტებში მოცემული პერსონალური მონაცემები უშუალოდ სუბიექტის ნების გარეშე. ასეთი რეჟიმი შეიძლება დადგინდეს ინფორმაციის გავრცელების ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ინფორმაციის გამჟღავნება ინფორმაციის შინაარსის, სუბიექტის, გასაჯაროების ფორმის, ვადის, მეთოდის თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით, განსაკუთრებით ინტენსიურ გავლენას ახდენს პირად ცხოვრებაზე. მაგალითად, ასეთ კატეგორიაში შეიძლება მოექცეს მონაცემები არასრულწლოვანი პირების შესახებ, ინფორმაცია ინტიმურ სფეროებთან დაკავშირებით და ა.შ. ასეთ შემთხვევებში, ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მომეტებულმა ინტერესმა, შესაძლოა, გადაწონოს საზოგადოების ინტერესი, რომ სასამართლოს აქტების გაცნობის გზით განახორციელოს მართლმსაჯულებაზე ზედამხედველობა. ამავდროულად, აუცილებელია, ასეთი კატეგორიის ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა მხედველობაში მიიღონ, ხომ არ არსებობს კონკრეტულ საქმეზე მომეტებული/გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც, თავის მხრივ, საქმის კატეგორიის, სამართალწარმოების მონაწილეებისა თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით, გადაწონის მონაცემების კონფიდენციალობის დაცვის ინტერესს. მაგალითისთვის, თუ საქმე შეეხება სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს, შესაძლოა, არსებობდეს მის მიმართ მომეტებული/გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესი და გამოირიცხოს ინფორმაციის დახურვის საფუძველი.

-         სასამართლოს აზრით, კანონმდებელს აქვს შესაძლებლობა, შექმნას სასამართლოს გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობის უფლებისა და პირადი ცხოვრების დაცვის არსებულზე უკეთესად დაბალანსებული სისტემა. მაგალითად, ნაცვლად არსებული საკანონმდებლო მოდელისა, შესაძლოა, შეიქმნას სისტემა, რომლის ფარგლებშიც ღია სხდომაზე მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული პერსონალური მონაცემების დაცვა დამოკიდებული იქნება იმაზე, აქვს თუ არა მისი კონფიდენციალობის დაცვის ინტერესი უშუალოდ მონაცემთა სუბიექტს. ხოლო, პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის ამგვარი ინტერესის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების ღიაობა ზემოთხსენებული ინტერესებისა და მასში ასახული პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის დაცვის ინტერესების დაბალანსების შედეგად გადაწყდება. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ კანონმდებელმა უნდა შექმნას მოქნილი სისტემა, რომელიც დაინტერესებულ პირებს მისცემს საშუალებას, მოკლე დროში მიიღონ ესა თუ ის სასამართლო აქტი. .... აგალითად შეიძლება შეიქმნას სისტემა, რომლის ფარგლებშიც, სასამართლოს გადაწყვეტილების საჯაროობის საკითხი დაინტერესებული პირის მიერ მის მოთხოვნამდე გადაწყდება. ეს შეიძლება განხორციელდეს თავად საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ ან/და უკვე დასრულებულ საქმეებზე ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის შესახებ პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში ან/და სხვა მოდელის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობის უფლების სწრაფ და ეფექტურ რეალიზებას.

 

 

საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში გასათვალისწინებელი ევროპული გამოცდილება

 

-         ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია No. R (95) 11 ითვალისწინებს ნეგატიური და პოზიტიური სელექციის მოდელებს. ნეგატიური სელექციის შემთხვევაში, როგორც წესი, ყველა გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია, დადგენილია მხოლოდ პროცედურული და შინაარსობრივი (ბავშვის ინტერესები, სახელმწიფო უსაფრთხოება, პერსონალურ მონაცემთა დაცვა) გამონაკლისები; ხოლო პოზიტიური სელექციის დროს გადაწყვეტილებები არ არის ხელმისაწვდომი, თუ ის არ აკმაყოფილებს წინასწარ, კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ევროპულ ქვეყნებში ნეგატიური სელექცია  ძირითადად გამოიყენება საკონსტიტუციო, უზენაეს და მაღალი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, ხოლო  ნეგატიური სელექციას ვხვდებით ბულგარეთის, დანიის, ესტონეთის, ლატვიუს, ლიეტვუის, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების  პრაქტიკაში.

-         ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილში საჯაროდ ხელმისაწვდომი სასამართლო გადაწყვეტილებებში პერსონალური მონაცემები ანონიმიზებულია (დაშრიხულია, გამოიყენება ინიციალები ან შეცვლილი მონაცემები).

-         სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის საკითხები, განსაკუთრებით სისხლის და სამოქალაქო საქმეებზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ძირითადად რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, უზენაესი ინსტანციის სასამართლოების ან საბჭოების მიერ მიღებული პოლიტიკის დოკუმენტებით და ნაკლებად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ჩარჩო კანონმდებლობით.

-         ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე 21 ქვეყანაში ყოველთვის ხდება მონაცემების ანონომიზაცია, ხოლო 6 ქვეყანაში სუბიექტის მოთხოვნით ან საქმის გარემოებების გათვალისწინებით,  მაშინ როდესაც ანონომიზაციის მეთოდი ადმინისტრაციულ საქმეებზე სრულად 17 ქვეყანაში გამოიყენება, 8 ქვეყანაში მონაცემების ანონომიზაცია საერთოდ არ ხდება და მხოლოდ 3 ქვეყანაში შეიძლება სუბიექტის მოთხოვნით ან საქმის გარემოებების გათვალისწინებით მოხდეს.

-         ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საერთოდ არ იშტრიხება იურიდიული პირების შესახებ მონაცემები;  საქმეში პროფესიულად ჩართული პირების (მოსამართლე, ადვოკატი, ექსპერტი და სხვა) მონაცემები; ხოლო 10 ქვეყანაში ასევე არ იშტრიხება თანამდებობის პირთა და საჯარო პირების მონაცემები, თუ საქმეში მათი მონაწილეობა უკავშირდება თანამდებობრივ ან საჯარო საქმიანობას; 

-         სუბიექტის მხრიდან მისი მონაცემების შემცველი გადაწყვეტილების გასაჯაროების ფაქტის გასაჩივრების ან დავის შემთხვევაში ძირითადად გამოიყენება პერსონალურ მონაცემთა ჩარჩო კანონი, თუმცა 4 ქვეყანაში არის ამისთვის შექმნილი სპეციალური შიდა სასამართლო მექანიზმი.



ამონარიდი საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილებიდან.

იქვე.

იქვე.

On-line Publication of Court Decisions in the EU Report of the Policy Group of the Project ‘Building on the European Case Law Identifier’, 15 February 2017