საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
რატომ უნდა გვანაღვლებდეს როგორც ჩვენი, ისე - სხვისი პერსონალური მონაცემების ბედი?
 25/10/2019

 

ავტორი: დიმიტრი გუგუნავა

 

პასუხისმგებლობის გამომრიცხავი პირობა: ამ ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს მხოლოდ ავტორის პოზიციას და არ შეიძლება რაიმე ფორმით დაუკავშირდეს იმ ორგანიზაცი(ებ)ის პოზიციას, რომლებთანაც შესაძლოა ავტორი ასოცირდებოდეს. ტექსტის კომენტატორთა მოსაზრებები კი, რა თქმა უნდა მხოლოდ მათს მოსაზრებებს გამოხატავს. ყველა შესაძლო დამთხვევა შემთხვევითია.

 

 

 

 


„როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა. აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს."

ძველი აღთქმა. დაბადება. თავი მესამე.

 

შესავალი

თანამედროვე ადამიანები დიდი ტექსტების კითხვას მეტად ერიდებიან, ვიდრე ძველები - ახლა 280 სიმბოლოში ჩატეული ამბები უფრო ფასობს, მაგრამ თემა, რომლის შესახებაც ეს ტექსტია გაცილებით მეტ სიმბოლოს და შესაბამისად, მეტ დროს მოითხოვს, ამიტომ თუ 10-15 წუთი არ გაქვთ, შეგიძლიათ ვებში ხეტიალი განაგრძოთ და ამ ბმულზე საინტერესო Tweet-ებს გადაავლოთ თვალი, ხოლო თუკი ეპიგრაფმა დაგაინტერესათ, მაშინ განაგრძეთ.

 

გაიღიმე!

კამერაში იყურე! ნუ მოძრაობ! გაიღიმე-მეთქი! - რამდენიმე დღის წინ შევესწარი როგორ აძლევდა ამ მითითებებს ორიდან ერთი პოლიციელი დაახლოებით 20 წლის ბიჭს, რომელიც ქუჩაში ჰყავდათ გაჩერებული. ის ერთი - მიმთითებელი, რომელიც ფიზიკურად ლინდსი ანდერსონს მივამსგავსე მისივე ფილმიდან „ო, იღბლიანო!", ფოტოს უღებდა ახალგაზრდას, მეორე კი - დაზღვევაზე იდგა იქვე და ადგილზე ცქმუტავდა. შინ მივდიოდი, როცა ამ სცენას შევესწარი და არც გავრჩერებულვარ. ეს ბიჭი კი იდგა მორჩილად და ელოდა განა მხოლოდ ამ ორს, არამედ ასევე მისთვის სრულიად უცხო ადამიანებს, ალბათ ვინმე ირაკლის, სანდროს, გიორგის ან ვახტანგს, ვინც არასამუშაო დროს იჯდა თავის სამუშაო ოთახში და Viber-ით მიღებულ ფოტოებზე დასკვნებს გასცემდა: ამას სიკვდილი, იმას თავის მოჭრა... ამას სიკვდილი, იმას თავის მოჭრა... ეს ხუმრობით, ისე კი, მიღებულ ფოტოებს გულდასმით ათვალიერებდა, შემდეგ ობიექტის პროფილს უკვე საკმაოდ გამოცდილ ქორის თვალს გადაავლებდა, დარწმუნდებოდა რომ პირი ძებნაში არ იმყოფება და ბოლოს ამ ფოტოებს სახელდახელოდ მომზადებულ საქაღალდეებში ანაწილებდა.

ამ ბიჭის სახე, რომელიც ცდილობდა ჩემნაირი გამვლელებისთვის თვალის არიდებას, მყარად დაილექა ჩემს მეხსიერებაში. ორი ამბავია ამ პატარა სიუჟეტში: ერთი საჯაროდ ფოტოს გადაღებისა და მეორე იმის შესახებ, რომ ვიღაც უცნობი, სადღაც შორს, მიხურულ კარს მიღმა ზის და მის ფოტოებს და არა მარტო მის ფოტოებს ათვალიერებს. ეს გაუმჭვირვალე დახურული კარი ამბავს განსაკუთრებულ საშიშ სურნელს მატებს. თქვენთვის რა, სესხი არ შემოუთავაზებიათ? არ გიფიქრიათ, ამათ საიდან აქვს ინფორმაცია სხვა ბანკში რომ სესხი მაქვს აღებულიო? ალბათ გიფიქრიათ და მერე ისევ ყოველდღიურობაში დაგიკარგავთ ეგ ფიქრი. მას მერე ალბათ იმ ფიქრს არც კი შეუწუხებიხართ.

არც ისე დიდი ხნის წინ მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით ქალაქში ჭკვიანი ვიდესათვალთვალო სისტემები დაამონტაჟეს, რომლებიც იქნებიან ახალი რიგითი (ციკლოპი) პოლიციელები (კოდური სახელწოდებით „ციკლოპიციელები"), მათ არასდროს სძინავთ, მათ ჩინურ ლინზებს არაფერი გამოეპარებათ, ისინი ვარლამ არავიძესავით ყველაფერს ხედავენ და ყველაფერს ამჩნევენ, ასე რომ უნდა ვუფრთხილდეთ... უნდა ვუფრთხილდეთ... ხმები დადის, რომ ზოგიერთ მათგანს ესმის კიდეც ყველაფერი, მაგრამ არ მსურს ჭორებს ავყვე - მე მტკიცებულებები მჭირდება.

 

არაფერია მუდმივი

1890 წელს (ამ დროს თომას ალვა ედისონს ჯერ კიდევ არ აქვს აღებული პატენტი რადიოს გამოგონებაზე) ჟურნალში „ჰარვარდის სამართლის მიმოხილვა" დაიბეჭდა ორი ამერიკელი იურისტის - სემუელ უარენისა და ლუი ბრენდაისის სტატია, რომელიც დღემდე ამერიკული სამართლის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტექსტად არის მიჩნეული. ავტორთა აზრით, პირი და მისი ქონება დაცული რომ უნდა იყოს, ისეთივე ძველი პრინციპია როგორც თავად სამართალი, თუმცა დროთა განმავლობაში ჩნდება საჭიროება, რომ განისაზღვროს ამ დაცულობის, უსაფრთხოების ბუნება და ფარგლები. პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცვლილებები განაპიროებებს ახალი უფლებების გაჩენას და მათ შემდგომ ტრანსფორმაციას, ფარგლების გაფართოვებას. მაგალითად, ცხოვრების უფლება გადაიქცა ცხოვრებით ტკბობის უფლებად ანუ მყუდროდ (ან სიმყუდროვეში) ყოფნის უფლებად.

 

*** (მოკლე ჩართვა)

ადრე მოვკარი ყური თუ თვალი, ვიღაც ამბობდა თუ ვიღაც წერდა „ვიაზროვნოთ ანალოგიებით და ტვინი არ დაგვეღლებაო". მე კი გავურბი ამ ცდუნებას, როგორც შხამიანს, ვცდილობ ფრთხილად ვიყო და თვალთახედვიდან არ დამეკარგოს საზღვარი ასოციაციებითა და ანალოგიებით აზროვნებას შორის, რადგან ეს საგნების ნამდვილ არსში ჩაწვდომის გზაზე ერთ დიდ წინაღობად მიმაჩნია. ამის მიუხედავად მაინც უნდა ითქვას: არსებობს მოსაზრება, რომ ბიბლიის ტექსტი დაშიფრულ ინფორმაციას წარმოადგენს და მასში მოთხრობილ ამბებში სხვადასხვა ობიექტები და ხდომილებები უნდა გავიგოთ როგორც სიმბოლოები, რომლებიც გზას გვიხსნიან უდიდესი სიბრძნის შეცნობისკენ. ჰოდა, რა არის ეს „არდაგები"? ტანის დასაფარია თუ სიმბოლოა უფრო მეტის, საკუთარი თავის დაფარვის, რომ დარჩე შენთვის, მოკალათდე, როგორც საბანს გადავიხურავთ ხოლმე თავზე, განა იმიტომ რომ გვცივა, უფრო მშვიდად ვართ. ან საერთოდ, რატომ ვიმოსებით? რა გვაქვს დასამალი? დღეს რომ ვინმემ იკითხოს, რატომ არ შეიძლება შიშვლებმა ვიაროთო, გვაქვს კი ამ კითხვაზე დასაბუთებული პასუხი? ბოლოს ალბათ იქამდე მივალთ, რომ ასეთები ვართ ან უარეს შემთხვევაში „სახლში რაც უნდათ ის აკეთონ!" და ეგ იქნება ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არ საჩივრდება.

სულ ჩემზე ვყვები, არადა, როგორც ჩემს ერთ საყვარელ ლექსშია „სისულელეა ადამიანებს შენზე რომ უამბობ, ადამიანებს უნდა მოუყვე მათზე." ჰოდა, ამას იქით მეც ამ გზით ვივლი.

 

არაფერია მუდმივი (გაგრძელება)

2010 წლის 9 იანვარს მარქ ზაქერბერგმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, პრივატულობა აღარ არის სოციალური ნორმაო. მაშინ 25 წლის იყო და დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარის ქონება ჰქონდა. ამ პატიოსანმა კაცმა ამ ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე წელიწადში 30 მილიონ აშშ დოლარად მისი საკუთარი სახლის ირგვლივ უზარმაზარი ტერიტორია და მის მეზობლად არსებული 4 სახლი შეიძინა - სიმყუდროვეს ეძებდა, არ სურდა, რომ პაპარაცები მის პირად ცხოვრებაში შემოჭრილიყვნენ. 2019 წელს კი, 34 წლის ასაკში ფეისბუქის დეველოპერთა კონფერენციაზე („კემბრიჯ ანალიტიკას" სკანდალიდან დაახლოებით ერთ წელიწადში) განაცხადა: „პრივატულობა გვაძლევს თავისუფლებას რომ ვიყოთ ის, ვინც ვართ" და ასეთი კიდევ უამრავი მარგალიტი. გვირგვინად კი, წარმოთქვა უკვე ისტორიული სიტყვები „The Future is PRIVATE!" - არც კი ვიცი, როგორ ვთარგმნო ეს სიტყვები ისე, რომ შინაარსი არ დაიკარგოს, ამიტომ უთარგმნელად დავტოვებ.

 

არაფერია მზის ქვეშ ახალი

„... მათ სიამოვნებთ კიდეც, როცა ზედმეტ მატყლს აკრეჭენ და ფეხებზე ჰკიდიათ, ვინ იქსოვს იმ მატყლით პერანგს. ისინი ტიტვლები კი იყვნენ, მაგრამ არავის აპატიებდნენ მათი სიშიშვლის შემჩნევას. ესეც ყველა დანარჩენის თვისება იყო და ეს თვისება, საბოლოო ჯამში, კი არ ართულებდა, აადვილებდა ცხოვრებას. სიშიშვლე ამსგავსებდათ, სირცხვილის გრძნობას უკარგავდათ, ათავხედებდათ და ეს თავხედობაღა იყო ერთადერთი კედელი, თუმცა თვითონ ამის მიხვედრაც არ შეეძლოთ, ხელს რომ უშლიდა მათ საბოლოო განადგურებას, მაგრამ ამაზრზენსა და სავალალოს ხდიდა მათ არსებობას."

ოთარ ჭილაძე, "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა"

 

ჰოდა, თქვენზე გიყვებოდით... ეპიგრაფში გამოკეტილ ადამს და ევას მივუბრუნდეთ. რაზეა „დაბადების" მესამე თავი? რა შეიცვალა ცნობადის ხის ნაყოფის მიღების შემდეგ? „აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ." გამოდის, რომ ამ ნაყოფის მიღებამდეც შიშვლები იყვნენ, მაგრამ ვერ აცნობიერებდნენ ან ამას ჩვეულებრივ ამბად აღიქვამდნენ, ისე, როგორც დღეს ბევრი ჩვენი თანამედროვე იტყვის „არაფერი მაქვს დასამალი". თუმცა პიროვნება, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით (შესაძლოა ამ ბიბლიური სცენიდან მოყოლებული დღემდე), საკუთარ თავში გულისხმობს უამრავ შიშს, სიმორცხვეს, რომელიმე ან ერთდროულად რამდენიმე კულტურას მიკუთვნებულობას, კონსტრუქციულ და დესტრუქციულ მოთხოვნილებებს, გამარჯვებისკენ ლტოლვას, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის - განმარტოების სურვილის ქონას და ა.შ. სიშიშვლის განცდა მას შემდეგ პიროვნულობის აუცილებელ ელემენტად იქცა. ჩემი მოკლე ჭკუით სწორედ ამ გრძნობაზეა დაფუძნებული საკუთრების განცდაც - საკუთარი თავის შესახებ ცოდნა შეიძლება საკუთრების უფლების უპირველესი ობიექტიც კი იყოს. გახსოვთ რა არის მე-8 მცნება? - არა იპარო. ამ „დიდი მიხვედრის" შემდეგ თითოეული ადამიანის ჩაცმულობა გამოვლინებაა მისი დამოკიდებულებისა კულტურული ნორმების მიმართ, რომელიც მიღებულია კონკრეტულ სოციუმში. თუმცა ჩვენს დროში მხოლოდ ტანსაცმელი აღარ არის საკმარისი სიშიშვლის დასაფარად, ისეთი დროა, დამატებითი არდაგები გვჭირდება, სულ სხვა მასალით დასამზადებელი, რომ დავფაროთ არა მარტო ის რაც ჩანს, არამედ ისიც რაც ვიცით საკუთარ თავზე, ინფორმაცია, ჩვენი თვისებების, უნარების, წარსულში ჩადენილი ქმედებების თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის, პოლიტიკური თუ კულინარიული გემოვნების შესახებ, რადგან ადამიანები ვართ, რადგან სხვაგვარად ვერასოდეს ვიქნებით ჩვენთვის. ეს ამბავი ჩემზე უკეთ ორიოდე წლის წინ გიორგი კეკელიძემ აი ასე ახსნა, როცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ კამპანიას შეუერთდა: „ყველას გვაქვს სამუდამოდ დაკეტილი ოთახი, რომელსაც თვითონაც იშვიათად ვაღებთ. გვაქვს სხვა ოთახი, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს ვუშვებთ, მესამე - სადაც მხოლოდ ხუთს და ასე შემდეგ. ამ ოთახის გასაღებები მხოლოდ ჩვენ გვაქვს. მათზე სხვების გასაღების მორგება ან კარის გატეხვა ან ფანჯრიდან შეპარვა მხოლოდ დანაშაული არ არის, ადამიანად ყოფნის გაუბრალოებაცაა. სხვანაირად გაცილებით სტერილურები ვიქნებით, სხვების თვალზე დამოკიდებული, ძლიერი შუქის წინ მოცეკვავეები."

თუ საკუთარი თავის წინაშე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, ყოველ ჯერზე, როცა ამ ოთახის გასაღებებს - ამ ჩვენს ცოდნა-ქონებას, ვინმეს მივანდობთ შესანახად სხვადასხვა მიზნით, შემნახავი საკნის მეპატრონე ჯერ კარგად უნდა ავათვალიერ-ჩავათვალიეროთ, თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ: „ეს ვარ, ეს ერთადერთია, რაც მაბადია. საკუთარ თავის ერთ ნაწილს განდობ და ისე მოუარე, როგორც საკუთარს. მპირდები?"

სინამდვილეში კი რას ვაკეთებთ? სინამდვილეში ამ შემნახველი საკნების მეპატრონეების შედგენილ ტექსტს, სადაც ეს პირობა უნდა ეწეროს წესით, არც კი ვკითხულობთ, ისე ვაწვებით ღილაკს „ვადასტურებ, რომ გავეცნი და ვეთანხმები შემოთავაზებულ პირობებს".

 

ყველა ვერ გაიგებს

რთულია ადამ და ევადან „წესებისა და პირობების" დოკუმენტზე ასე უცებ გონების გადმორთვა, ამიტომ დავამატებ:

და თუ ერთს ვინმეს არ აქვს უნარი განმარტოების, სიმყუდროვის პოვნის უნარი, შესაძლოა არც სხვისი ადარდებდეს;

და ვისაც სკოლაში არასდროს დაუწერია სასიყვარულო ბარათი, შესაძლოა ვერასდროს გაიგოს რას გრძნობს ბავშვი, როცა ამ წერილს მისივე კლასის რომელიმე უშტატო მასხარა მთელი კლასის წინაშე ხმამაღლა წაიკითხავს;

ვისი ფოტოც არასდროს გამოუკრავთ დაფაზე წარწერით „ვინ გვარცხვენს", ვერასდროს გაიგებს რატომ აქვთ იმ საჯაროდ შერცხვენილ ბავშვებს სუსტი ნერვები ან რას გრძნობდნენ მაშინ მათი დედები და თავად ეს ბავშვები, რომლებიც ვერაფრით ანუგეშებდნენ მათ;

და ვისაც შინ მარტო დარჩენილს არასდროს უცეკვია მის საყვარელ მუსიკაზე, შესაძლოა ვერასდროს გაიგოს რატომ ესმით გაბმული წუილი ყურებში ადამიანებს, აღმოაჩენენ რა, რომ თურმე ფარულად უღებდნენ - ხუმრობაა ასეთი, ზოგჯერ გამაფრთხილებელი ხუმრობა, ზოგჯერ შანტაჟი, ზოგჯერ კი თვითმკვლელობამდე მიყვანა, რაც საქართველოს კანონმდებლობით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, ხოლო დაზარალებული ერთ-ერთი სახელმწიფო რეესტრში მიიღებს სტატუსს „გარდაცვლილია", რაც საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

სად ვცხოვრობთ?

რუდოლფ შტაინერი თავის შრომაში „ეგოიზმი ფილოსოფიაში" წერს „ადამიანს არსებობა არ შეუძლია, თუ გარესამყაროსა და თავის შინაგან სამყაროს შორის კავშირი არ მოძებნა." სიმყუდროვე მაინც შინაგანი მდგომარეობაა და საკითხავი ახლა ისაა, არის თუ არა დღევანდელი გარესამყარო ისეთი, რომელთანაც ამ კავშირს დავამყარებთ? და რადგან კანონზე ჩამოვარდა სიტყვა, რამდენიმე ამონარიდი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან:

„პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე." (მ. 157.1)

„პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე." (მ. 157.2)

„კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით." (მ. 284.1)

აი, აქ ვცხოვრობთ, ამ დანაშაულებსა და ამ სასჯელებში.

ცხადად მახსოვს, წლების წინ, თბილისში ორ-სართულიანი ავტობუსების შემოყვანით აღფრთოვანებული ერთ-ერთი ტელევიზიის კორესპონდენტმა როგორ გამოაცხადა - ამ ავტობუსების მეორე სართულიდან ძალიან კარგად ჩანს თუ რა ხდება ზოგიერთი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზეო.

აი, აქ ვცხოვრობთ, ამ ჟურნალისტებთან ერთად.

არ გამოგიჭერიათ ვინმე მგზავრობისას როგორ მიშტერებია რომელიმე სხვა მგზავრის სმარტფონს? და თუ დაუნახავს რომ თქვენ ეს შენიშნეთ, შერცხვენილს თავი სხვა მხარეს მყისიერად არ მიუბრუნებია? თქვენც ხომ არ გამოუჭერიხართ ვინმეს?

აი, აქ ვცხოვრობთ, ამ მგზავრებთან ერთად ვსარგებლობთ მუნიციპალური ტრანსპორტით.

შეხვედრაზე ვინმეს არ მოუწერია თქვენთვის? არ შეგინიშნავთ ერთდროულად რამდენიმე ცნობისმოყვარე თანამშრომლის გამოპარული თვალი თქვენი ტელეფონის ეკრანისკენ? თქვენ თვითონ არ გაგქცევიათ თვალი? ან გვერდზე მჯდომის წიგნაკში არ ჩაგიხედავთ, რომ გაგეგოთ რას ინიშნავდა ასე გულმოდგინედ?

აი, აქ ვცხოვრობთ, ამ ხალხთან ერთად ვმუშაობთ.

ამ ფრაზებიდან რომელი გამოგიყენებიათ?

-         ისედაც ყველამ ყველაფერი იცის...

-         თუ მოუნდათ ისედაც გაიგებენ...

-         ვინ უნდა იყოს, რომ ვერ გავიგოთ...

-         მაგ კლინიკაში ჩემი ახლობელი მუშაობს და გაგიგებ...

ამ საზოგადოებაში ნეტავ რამდენს აქვს მარტოობის განცდა - ანუ შეგრძნება იმისა, რომ ვისაც შეუძლია - არ ნახავს, ვისაც მოთხოვენ - უარს იტყვის, ვისაც ოდესმე სხვის საცვლებში უქექია - უკვე წლებია სირცხვილის ლოდს ატარებს.

აი, აქ ვცხოვრობთ, ამ ხალხთან ერთად და ჩვენ თვითონ ვართ ეს ხალხი!

ბოლო დღეებია ქართული ინტერნეტი გადაივსო გია ყანჩელის შესახებ ვიდეოებით. ერთ-ერთი ინტერვიუდან ამ არაჩვეულებრივი ადამიანის ერთი ფრაზა მომხვდა ყურში: "შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხელოვნება იქმნება მარტოობაში."

აი, აქ ვცხოვრობთ, ამ ხალხთან საერთო ენა გვაქვს და თვალგანაბული ვუსმენთ მათ მუსიკას

საქართველოში, მარტოობის სიყვარული ინდეფერენტულობასთან (უემოციობა), ინტროვერტობასთან (საკუთარ თავში ჩაკეტვა) და ასოციალურობასთან არის გაიგივებული, რეალურად კი მარტოობის სიყვარული სულის (პიროვნების) ზრდის აუცილებელი წინაპირობაა. არადა სოციალური ურთიერთობები გაცილებით მტკიცეა, როცა იგი მარტოობაში გამობრძმედილ ადამიანებს აქვთ. მხოლოდ მათ თუ ვუწოდებთ მოქალაქეს ვინც მოახერხა და მარტოობაში საკუთარი სული გაზარდა. მისი სულიერი ცხოვრება არის სულის მუდმივი შრომა გრძნობად სამყაროში. მისი საკუთარი შრომის წყალობით ისტორიული ცხოვრების მსვლელობაში ხდება ბუნებისა და სულის ურთიერთგანმსჭვალვა.

ბერძენ მოაზროვნეებს სხვა არაფერი უნდოდათ, გარდა იმისა, რომ ადამიანი უკვე დაბადებულიყო იმ მიმართებაში, რაც მხოლოდ თავად მისი მეშვეობითაა შესაძლებელი. მათ არ სურდათ, რომ ადამიანს ბუნებასა და სულს შორის კავშირი მხოლოდ ეხლა განეხორციელებინა; მათ უნდოდათ, რომ მას ეს კავშირი ეპოვა როგორც აღსრულებული და იგი როგორც მზა ფაქტი ისე განეხილა.

 

ციხე

ცნობილი სიტყვები: „ციხე არის ადგილი, სადაც ადამიანი არასდროს არის მარტო" არის აუცილებლად წასაკითხი რომანიდან „მკვდარი სახლის ჩანაწერები" და ეკუთვნის დიდ რუს მწერალს თეოდორ დოსტოევსკის. მარტოობა ზოგიერთისათვის ციხესთან არის გათანაბრებული - არადა პირიქითაა, ციხე ის ადგილია, სადაც მარტოობას გართმევენ. იქ განმარტოების არანაირი შანსი არ გაქვს, მაშინაც კი, როდესაც საკანში მარტო ზიხარ... სად ვცხოვრობთ?

შეგრძნებები

ცნობიერი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გავატარე ცოდნით (და ასეც არის გავრცელებული), რომ ადამიანებს 5 შეგრძნება აქვთ: მხედველობა, სმენა, გემო, სუნი და შეხება.

მოგვიანებით გავიგე, რომ ეს მხოლოდ ძირითადი შეგრძნებები ყოფილა და მათ გარდა კიდევ არსებობს ისეთი შეგრძნებები, როგორიცაა: სიმძიმე, ტემპერატურა, ვიბრაცია, სივრცის შეგრძნება (წონასწორობა) და ორგანული შეგრძნებები (გვშია, გვწყურია).

კიდევ უფრო მოგვიანებით გავიგე, რომ ზოგიერთი მოსაზრებით არსებობს 33 შეგრძნება, ზოგიერთით კიდევ უფრო მეტი. მკითხველო, რამხელაც უნდა იყოს ეს სია, ჩვენ შორის დარჩეს და მოდი, ამ ჩამონათვალს დღეიდან კიდევ ერთი გრძნობაც დავუმატოთ - სიმყუდროვის განცდა, რომელსაც საკუთარ ტყავში გემრიელად მოკალათებისას განვიცდით. და თუ ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ ვინმე გვკითხავს, რატომ გვაცვია ამდენი, პასუხი იყოს - გვცივა! კითხვაზე რატომ ვჩქარობთ შინ მისვლას - გვშია! რატომ ვხუჭავთ თვალებს - სასიამოვნო მუსიკაა! და რატომ არ გვსურს გაშიშვლება - გვრცხვენია! და იმაზეც შევთანხმდეთ, რომ ამ პასუხის პასუხად დასმული ყველაზე არაადეკვატური და შეურაცხმყოფელი კითხვაა „რას მალავ?"

 

ყველა ვერ გაიგებს (გაგრძელება)

იმ სხვებზე გავაგრძელებ, სხვისას რომ ვერ იგებენ სანამ პირადად არ გამოცდიან, ჰოდა ამ დიდ სიაში ის ხალხიც ხვდება, არასდროს რომ ჰქონიათ რაიმე სათქმელი და თან ვერ იგებენ რატომ იცავენ ადამიანები სიტყვის თავისუფლებას, საკუთარ უფლებას, რაც ხშირად სხვისი უფლების დაცვას გულისხმობს. სხვათაშორის სწორედ ასე უპასუხა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა და ჩემი აზრით ჩვენი თაობის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ხმამ - ედვარდ სნოუდენმა არგუმენტს „მე არ მაღელვებს, თუ ვინმე (ძირითად შემთხვევებში იგულისხმება მთავრობა) შემოიჭრება ჩემს პირად სივრცეში, რადგან არაფერი მაქვს დასამალი." მისი პასუხი იყო: „არ განაღვლებდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, იმ არგუმენტით, რომ არაფერი გაქვს დასამალი, არაფრით განსხვავდება იმისგან, რომ არ განაღვლებდეს სიტყვის თავისუფლება, იმ არგუმენტით, რომ არაფერი გაქვს სათქმელი."

და შენ რა გაღელვებს?

თუ ეს ყველაფერი არ გაღელვებს, საერთოდ გაღელვებს რამე? განაღვლებს რამე?

 

მინაწერი

ავტორს სურდა ტექსტი დაესრულებინა სიტყვებით „აი ამიტომ უნდა გვაღელვებდეს როგორც ჩვენი, ისე სხვისი პერსონალური მონაცემების დაცვის საქმე. ამისთვის კი რა უნდა გავაკეთოთ, ეს უკვე სხვა სასაუბრო თემაა", მაგრამ ვერ მოახერხა.

 

მომავალი

„ბავშვს, რომელიც დღეს იბადება არ ექნება პრივატულობის განცდა. ისინი ვერასდროს გაიგებენ რას ნიშნავს იცოდე რაღაც მხოლოდ შენ, ისე რომ ეს ინფორმაცია არ იყოს სადმე ჩაწერილი და არ იყოს გაანალიზებული, დამუშავებული.
ეს კი პრობლემაა, რადგან პრივატულობა მნიშვნელოვანია - ის განსაზღვრავს თუ ვინ ვართ და ვინ გვინდა ვიყოთ."

ედვარდ სნოუდენი

მე მჯერა რომ მომავალი ნათელია! ის განათებულია სხვადასხვა მოწყობილობების: კომპიუტერების, ტელევიზორების, სმარტფონების, ჭკვიანი საათების, პლანშეტების და მონიტორების ეკრანებით.

 

სამადლობელი

გმადლობთ, რომ წაიკითხეთ ამხელა ტექსტი!

 „ჩვენ უკვე აღარ გვაქვს ტკივილის უფლება,

მათ უკვე ჩვენი სიზმრებიც გაიგეს

ჩვენ უკვე მზად ვართ

ხმის ჩახლეჩვამდე ვიყვიროთ:

..."

გაიღიმე!

მათ უკვე ჩვენი სიზმრებიც გაიგეს!

 

 


საბას განმარტებით „წელს ქუევით მოსაფარია".

ეს სოციალურ ქსელ twitter-ში დადგენილი ერთი წაჭიკჭიკების (tweet) სიმბოლოთა ლიმიტია. წლების განმავლობაში ეს ლიმიტი 140 სიმბოლო იყო.

მყუდროება - სიმშვიდე, სიწყნარე, უშფოთველობა. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=150498

https://www.youtube.com/watch?v=18uTrGmDCkg

„რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი" - ძველი აღთქმა. ეკლესიასტე 1.9

ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი).

"Arguing that you don't care about the right to privacy because you have nothing to hide is no different than saying you don't care about free speech because you have nothing to say."

ამონარიდი ავტორთა კოლექტივის ავტორობით 2012 წელს შექმნილი ერთ-ერთი მუსიკალური ნაწარმოებიდან.