საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
სამუშაო შეხვედრა
 20/04/2011


20 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელიც მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიისათვის რეკომენდაციების წარდგენას ითვალისწინებს.

რეკომენდაციები მოქალაქეობის არმქონეობის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის  25 თებერვალს შეიქმნა.

სამუშაო ჯგუფმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ანალიზი გააკეთა და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადა, რომლის მიზანია კანონში არსებული სამართლებრივი ხარვეზების გამოსწორება.

რეკომენდაციები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პირობები; საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვისა და  საქართველოს ფარგლებს გარეთ დაბადებული საქართველოს მოქალაქეების  ბავშვის მოქალაქეობის საკითხი; სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის საკითხი; საქართველოს მოქალაქეობის მიღებისას მოქალქეობის არმქონედ გახდომის პრევენცია; შეღავათები არასრულწლოვანი და ქმედუუნარო პირების საქართველოს მოქალაქედ მიღებისას ან მოქალაქეობის აღდგენისას  და სხვა.

შეხვედრას დაესწრებიან მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვები.

შეხვედრა პროექტის, სახელწოდებით „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირება და მოქალაქეობის არქონის პრევენცია საქართველოში" ფარგლებში გაიმართება, რომელსაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR) თანამშრომლობით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი" ახორციელებს.