საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
იმიტირებული სასამართლო პროცესი მოქალაქეობისა და მოქალაქეობის არქონის საკითხებზე
 18/12/2017


არასამთავრობო  ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი" (IRC), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) რეგიონალური წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზრებაიჯანი, საქართველო) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით,  2017 წლის 16 დეკემბერს ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი მოქალაქეობისა და მოქალაქეობის არქონის საკითხებზე. იმიტირებული პროცესის მიზანს წარმოადგენდა:

აკადემიური დებატის წახალისება საქართველოში მოქალაქეობისა და მოქალაქეობის არქონის საკითხებზე არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო;

სტუდენტების ცნობიერების ამაღლება მოქალაქეობის უფლებაზე, მოქალაქეობის არქონასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მის გამომწვევ მიზეზებზე, მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენის საფრთხეებზე, მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებზე; ასევე, მონაწილეთა სასამართლო პროცესებში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების განვითარების და სტუდენტთა შორის კავშირების განვითარების ხელშეწყობა.

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობას იღებდნენ, საქართველოს  სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის III-IV კურსის და მაგისტრატურის სტუდენტები.

იმიტირებული სასამართლო პროცესი მოიცავდა 2 ეტაპს (დარეგისტრირებული გუნდების გადარჩევა გუნდის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო ნაწილის მიხედვით და ზეპირი რაუნდი) და ითვალისწინებდა გამარჯვებულის გამოვლენას 3 ნომინაციაში: საუკეთესო მოსარჩელე გუნდი,  საუკეთესო მოპასუხე გუნდი  და  გამორჩეული მონაწილე.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ზეპირი რაუნდი გაიმართა  2017 წლის 16 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში მდებარე იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზში.

ზეპირ რაუნდში ერთმანეთს დაუპირისპირდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები.

გამარჯვებული ნომინაციები გადანაწილდა შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების გუნდის წევრებზე:

ნომინაცია „საუკეთესო მოსარჩელე გუნდი"  -   კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

ნომინაცია „საუკეთესო მოპასუხე გუნდი" - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

ნომინაცია „გამორჩეული მონაწილე" - კონსტანტინე ებრალიძე (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი).

იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილეები დაჯილდოვდნენ პრიზებით.