საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
სამუშაო შეხვედრები დოკუმენტირების, მოქალაქეობის არქონის, შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის საკითხებზე
 05/04/2018


ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) ორგანიზებით, მიმდინარე წლის 3-4 აპრილს ქ. თბილისში, სასტუმრო „მუზეუმში" ჩატარდა IRC-ის და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი სამუშაო შეხვედრები დოკუმენტირების, მოქალაქეობის არქონის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის საკითხებზე. აღნიშნული შეხვედრები განხორციელდა სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) გაეროს ლტოლვილთა უმაღესი კომისარიატის რეგიონალური წარმომადგენლობის (UNHCR) მიერ დაფინანსებული პროექტის „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირება და მოქალაქეობის არქონის პრევენცია საქართველოში" ფარგლებში.

შეხვედრები ჩატარდა სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სამსახურების და რეგიონების 37 ტერიტორიული სამსახურის იურისტებთან და სოციალურ მუშაკებთან. აღნიშნულ შეხვედრებზე დეტალურად იქნა განხილული შემდეგი საკითხები:  ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო ინსტრუმენტები მოქალაქეობის არმქონეობის საკითხებზე; მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის პროცედურა და მათი  ხელმისაწვდომობა უფლებებსა და სახელმწიფო სერვისებზე; სახელმწიფო უწყებათა როლი მოქალაქეობის არმქონე პირთა იდენტიფიცირების, მათი დროული ინფორმირებისა და სწორი გადამისამართების პროცესში; ბავშვის სამართლებრივი სტატუსის დადგენა და შვილად აყვანის შესახებ კანონის სიახლეები. ამასთან შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ IRC-ის პროექტის „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირება და მოქალაქეობის არქონის პრევენცია საქართველოში" მიზნების, ამოცანების, შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრები იყო ნაყოფიერი და ინტერაქტიული, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.