საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
სამუშაო შეხვედრა „ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა სახელმწიფო სერვისის შემუშავების პროცესში, აზიური ფაროსანას მართვის სერვისის მაგალითზე“
 01/11/2019

ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა და მისი გამოყენება სახელმწიფო სერვისების შემუშავებისას იყო დოსკუსიის მთავარი საგანი სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) ინიციატივით 2019 წლის 31 ოქტომბერს „ტერმინალში" გაიმართა.

შეხვედრისას მოხდა პროექტის „აზიური ფაროსანას მართვის სერვისის მიწოდების საკითხში, ქცევითი მიდგომის გამოყენებით,  სურსათის ეროვნული სააგენტოს ეფექტიანობის ამაღლება"  შედეგების წარდგენა და შეფასება, რომელიც ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც სახელმწიფო სერვისის შემუშავების პროცესში მოხდა ერთდროულად ქცევითი მეცნიერების, design thinking და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენება. ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა (IRC), საერთაშორისო ორგანიზაცია Behavioural Insights Team-თან ერთად შეიმუშავა და განახორციელა ქცევითი მეცნიერების ელემენტებით გაჯერებული ინტერვენციის კონცეფცია, რომლის მიზანი იყო დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის გააქტიურება და აზიური ფაროსანას მართვის სერვისში მისი ჩართვა. ინტერვენცია ზუგდიდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების 64 სოფელში განხორციელდა; შედეგად დაიხვეწა არსებული სახელმწიფო სერვისი, რომელიც სრულად უპასუხებს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს.

სწორედ ამ ინტერვენციის შედეგებისა და მიგნებების პრეზენტაციას და განხილვას მიეძღვნა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, მთავრობის ადმინისტრაციის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ბრიტანეთის საელჩოს და საერთაშორისო პროექტების წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრა გახსნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა. შეხვედრის  მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელმა ელენ ვიხმანმა და IRC-ის დირექტორმა გიორგი გაბრიელაშვილმა.