საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
IRC-ის ინიციატივით, საჯარო სერვისების განვითარების სფეროში, საქართველოში Design Thinking მეთოდოლოგიის გამოყენების პრეცედენტი შეიქმნება
 20/11/2018

2018 წლის 15 ივნისიდან ინოვაციების და რეფორმების ცენტრი (IRC), UNDP-ის პროგრამის „საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, საჯარო სერვისების განვითარების სფეროში ახორციელებს ახალ პროექტს. პროექტი, რომლის სახელწოდებაა „საჯარო სერვისის დიზაინის და მიწოდების სტანდარტების განხორციელება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში" მიზნად ისახავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სერვისის ეფექტურობის ზრდას, რაც მიიღწევა სტანდარტიზებული, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის დიზაინისა და მიწოდების სისტემის დანერგვით. პროექტის ფარგლებში, სამიზნე სერვისად აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სერვისი განისაზღვრა.

ზემოაღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, IRC საქართველოსთვის სერვის დიზაინის ახალ მეთოდოლოგიას ე.წ. DESIGN THINKING იყენებს. სერვის დიზაინის ეს მეთოდოლოგია წარმოადგენს მიდგომების ახალ ნაკრებს, რომელთა გამოყენებაც მთავრობებმა არც თუ ისე დიდი ხანია დაიწყეს. სერვის დიზაინის მეთოდოლოგია, რომელსაც ასევე ადამიანზე ორიენტირებულ დიზაინს უწოდებენ, არის პრობლემის მოგვარების შემოქმედებითი პროცესი, რომელიც ყურადღების ცენტრში ანთავსებს მომხმარებელს, იმისათვის რომ მიიღოს ახალი გადაწყვეტები, რომელიც ძირეულად ასახავს მომხმარებლის საჭიროებებს. მეთოდოლოგია სთავაზობს პირდაპირ გზას შეიქმნას უფრო ღრმა წარმოდგენა სახელმწიფო სერვისების მომხმარებელთა საჭიროებებისა და სამთავრობო პროგრამებით მათი სარგებლობის გამოცდილების შესახებ. აღნიშნული მოიცავს კრიტიკულ - ხშირად უგულვებელყოფილ - ქცევით, სოციოლოგიურ და კულტურულ ფაქტორებს, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს სერვისის დიზაინის პროცესში.


აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სერვისის მაგალითზე აღნიშნული მეთოდოლოგიის განხორციელების მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში IRC-ის გუნდმა განახორციელა ხარისხობრივი კვლევა, იმის დასადგენად თუ რა გარემო ფაქტორები ახდენს გავლენას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობაზე.
საველე სამუშაოებისას, IRC-ის მკვლევარები შეხვდნენ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ყველა კატეგორიის სუბიექტს, მათ შორის დასავლეთ საქართველოს იმ მაცხოვრებლებს, რომელთა საცხოვრებელ გარემოზე და მოსავლიანობაზე უშუალო გავლენა მოახდინა აზიურმა ფაროსანამ. კვლევის პროცესში გამოყენებული იყო ხარისხობრივი კვლევის შემდეგი მეთოდები - ინდივიდუალური ინტერვიუები, ფოკუს ჯგუფები და დაკვირვება. ამჟამად მიმდინარეობს კვლევის შედეგების ანალიზი და უახლოეს მომავალში პროექტის დაინტერესებულ მხარეებს IRC წარუდგენს კვლევის პირველად ანგარიშს.