საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
მოქალაქეობის არმქონე პირთათვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისები და შესაბამისი სერვისების რეესტრი
 06/12/2018

„ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი" (IRC), მიმდინარე პროექტის „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირება და მოქალაქეობის არქონის პრევენცია საქართველოში" ფარგლებში აქტიურად მუშაობს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის განკუთვნილი სერვისების რეესტრის შემუშავებაზე. აღნიშნული პროდუქტის მიზანია ერთის მხრივ, მოქალაქეობის არმქონე და სხვა დაინტერესებულ პირთათვის საჯარო და კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ კონსოლიდირებული ინფორმაციის, კერძოდ სერვისების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და სერვისებთან მიმართებით არსებული პრაქტიკის შესახებ ინფორმირებულობის გაზიარება, ხოლო მეორეს მხრივ, იმ სფეროების გამოვლენა სადაც საჭიროა დამატებითი ძალისხმევა და ადვოკატირება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი და სამართლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.


სერვისების რეესტრის შემუშავების მიზნით განახორციელდა შემდეგი ღონისძიებები: პირველ ეტაპზე, გამოვლენილ იქნა მოქალაქეობის არმქონე პირთათვის სერვისის მიმწოდებელი ძირითადი სახელმწიფო უწყებები, რის შემდეგაც შესწავლილი იქნა შერჩეული უწყებების სერვისები და მოხდა მათი დაჯგუფება კატეგორიების მიხედვით. მეორე ეტაპზე განხორციელდა შესაბამისი სერვისების სიღრმისეული შესწავლა და მათგან ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური სერვისების გამოვლენა, რომლებიც თანაბრად აქტუალური და რელევანტურია მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის. მესამე ეტაპზე ორგანიზაციის იურისტების მიერ განხორციელდა აღნიშნული სერვისების სიღრმისეული შესწავლა/ანალიზი და მათი შესაბამისი ფორმით ასახვა სერვისების რეესტრში. ამავდროულად შერჩეულ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გაიმართა ინდივიდუალური გასაუბრება/კონსულტაციები, რა დროსაც მოხდა სერვისებთან დაკავშირებით დამუშავებული ინფორმაციის დაზუსტება და კორექტირება. შემდეგ ეტაპზე, შემუშავებული პროდუქტის სახელმწიფო უწყებებისათვის გაზიარების მიზნით, IRC-იმ 19 ნოემბერს გამართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, სადაც მოხდა რეესტრში ასახული სერვისების მიმწოდებელი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებისათვის, სერვისების რეესტრის გაცნობა/პრეზენტაცია. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ორგანიზაციას მიეცა შესაძლებლობა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღო უკუკავშირი და რეკომენდაციები, სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებისაგან.


რაც შეეხება სერვისების რეესტრის ტექნიკურ გადაწყვეტას, დაგეგმილია, რომ იგი იქნება ორენოვანი (ქართული, რუსული) და ჩაშენდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. შესაბამისად რეესტრი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.


ამ ეტაპზე, სერვისების რეესტრი არის დასრულების ფაზაში. კერძოდ, IRC მუშაობს სახელმწიფო უწყებების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების საფუძველზე, სერვისების რეესტრში შესატან საბოლოო ცვლილებებზე.