საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფისში
 07/07/2019

 

მიმდინარე წლის 6 ივნისს პროექტის „საქართველოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის (PRIVACY) უფლების რეალიზაციისათვის მონაცემთა სუბიექტებისა და ძირითადი აქტორების გაძლიერება" ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფისში. შეხვედრას ესწრებოდნენ ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორი - გიორგი გაბრიელაშვილი, პროექტის გუნდი, სახელმწიფო ინსპექტორი - თამარ ქალდანი და ინსპექტორის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - ნიკო თათულაშვილი.

აღნიშნულ პროექტს ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი ნიდერლანდების საელჩოს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით 2019 წლის მაისიდან ახორციელებს. პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება როგორც მონაცემთა სუბიექტების ინფორმირების, ასევე მონაცემთა დამმუშავებლების წახალისების გზით.
პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერება. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) ამოქმედების კონტექსტში, რამდენადაც დაგეგმილია საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ კუთხით საერთაშორისო, კერძოდ, ევროპული გამოცდილების გაზიარება.
შეხვედრაზე შეთანხმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებისათვის საჭირო მიმართულებები. იგეგმება ინსპექტორის სამსახურთან ერთად ყველაზე მწვავე და პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, ასევე, საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით ტრენინგების დაგეგმვა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) იმპლემენტაციის პრაქტიკული ასპექტების გაცნობა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პროექტის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.