საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
ღია მონაცემები ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სერვისებისთვის
 03/10/2019

 

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა (IRC) საქართველოში დემოკრატიული ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის დაიწყო ღია მონაცემების პროექტის განხორციელება. პროექტი მიზნად ისახავს პირველ ეტაპზე ღია მონაცემების პლატფორმის კონცეფციის შექმნას, რომელზეც განთავსდება ბათუმის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სერვისებთან დაკავშირებული მონაცემები. პლატფორმა, ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის, ხელმისაწვდომს გახდის სამშენებლო ნებართვებსა და ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებულ მონაცემებს, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალობისა და ნდობის ხარისხის ამაღლებას.

პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე მოხდება ღია მონაცემთა ფორმატში გამოსაქვეყნებელი მონაცემების/ინფორმაციის ნუსხის იდენტიფიცირება, რომლის შემდეგაც დაიწყება უშუალოდ პლატფორმის კონცეფციისა და საჭირო დოკუმენტაციის შექმნა. პლატფორმა ავტომატურ რეჟიმში მოახდენს შერჩეულ მონაცემთა გამოქვეყნებას, რაც უზრუნველყოფს დროულ წვდომას საჭირო ინფორმაციასთან.

წინასწარი შესწავლის ეტაპზე პლატფორმისთვის ალტერნატივებს შორის შეირჩა CKAN პლატფორმა. პლატფორმა ფართოდ გამოიყენება სამთავრობო და კერძო ორგანიზაციების მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პლატფორმა ეფუძნება ღია წყაროს კოდს და მისი გამოყენება არ საჭიროებს ლიცენზიის საფასურის გადახდას, რაც უზრუნველყოფს ფინანსური რესურსების დაზოგვას.

პროექტის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა 2 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბათუმის მერიის, ინოვაციების და რეფორმების ცენტრის (IRC) და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განხილული იქნა ღია მონაცემების არსი და ფილოსოფია, მისი პრაქტიკული გამოყენება, ღია მონაცემთა ფორმატში გამოსაქვეყნებელი მონაცემების ჩამონათვალი და CKAN პლატფორმაში ინტეგრაციის საკითხები.

პროექტი ხორციელდება დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში პროგრამის ფარგლებში და მის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართულები ქალაქ ბათუმის მერია და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.