საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
რა საფრთხე იმალება Facebook კითხვარებს მიღმა?
 19/06/2020

თუ ამ სტატიას კითხულობთ, ეს ნიშნავს რომ თქვენი პერსონალური მონაცემები უკვე ინტერნეტშია და დიდი ალბათობით, რომელიმე სოციალური ქსელითაც სარგებლობთ. სავარაუდოდ, ყოველდღიურად Facebook-ის საშუალებით აქვეყნებთ ფოტოებს/ვიდეოებს, მესენჯერში აზიარებთ თქვენს პირად ამბებს, პოსტავთ ღია თუ დახურულ ჯგუფებში. ერთი მხრივ, მარტივია და ამასთანავე სასიამოვნო ყველა იმ აქტივობით სარგებლობა, რასაც Facebook გვთავაზობს, მაგრამ ეს მხოლოდ თქვენი და თქვენი მეგობრების პერსპექტივით დანახული რეალობაა. მეორე მხრივ კი ვებ-გვერდს, რომელსაც ხელი მიუწვდება მილიონობით მომხმარებლის პირად მონაცემებზე, შეუძლია მიღებული ინფორმაცია სხვადასხვა მიზნით გამოიყენოს, ეს კი არის ის ალტერნატიული გზა, რომელსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ყველაზე მძაფრად გვეხება.

რომელი პროფესია შეგეფერება?

რას ამბობს შენი თვალის ფერი შენს ხასიათზე?

სამეფო კარის თამაშების რომელი პერსონაჟი ხარ?

თუკი ამ კითხვებიდან ერთი მაინც გეცნობათ და მსგავსი სახის Facebook პერსონალური ქვიზით ერთხელ მაინც გისარგებლიათ, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვიზის საშუალებით თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მესამე პირებს თქვენივე ნებით მიეცით.

დაფიქრებულხართ, რა საფრთხე შეიძლება იმალებოდეს ერთი შეხედვით უწყინარ, დროის მარტივად გასაყვან კითხვარებს მიღმა?


ვის და როგორ ვუზიარებთ ინფორმაციას Facebook პერსონალური ქვიზების საშუალებით?

მსგავსი ქვიზებისა თუ აპლიკაციების ბმულზე გადასვლით, ხშირ შემთხვევაში, დაუფიქრებლად ვეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტს და უფლებას ვაძლევთ ქვიზ დეველოპერებს შეაგროვონ და დაამუშაონ ჩვენი პერსონალური მონაცემები გაურკვეველი მიზნით, საფუძვლითა და ვადით. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი აპლიკაციის გამოყენებისას გავცემთ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ჩვენი მეგობრების პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლებას.

მაგალითისთვის Quizzstar - ერთ-ერთი დეველოპერი, რომლის კითხვარებსაც Facebook გვერდზე აქტიურად შეხვდებით [თქვენს რომელ მეგობარს უყვარხართ?; 2020 წლის რომელი თვე იქნება თქვენთვის იღბლიანი?; რამდენ ადამიანს სძულხართ და მოსწონხართ? და ა.შ] იცით, რომ ქვიზის შესავსებად ლინკზე გადასვლისას მუშავდება თქვენი პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის: სახელი/გვარი, ელ-ფოსტა, თქვენი ფოტოები და გაზიარებული ინფორმაცია? კომპანიის კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტში ნათლად ვკითხულობთ, რომ ქვიზის/კითხვარის გამოყენებისას/შევსებისას სწორედ თქვენ აძლევთ კომპანიას პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების უფლებას, გაურკვეველი მიზნით, ფორმითა და ვადით. მათ შორის თქვენი პერსონლაური მონაცემების შეგროვება/დამუშავება შესაძლებელია, მოხდეს მიზნობრივად, მაგალითად: მონაცემთა ბაზისთვის, პოლიტიკური თუ კომერციული რეკლამებისთვის და ა.შ.

 

რა საფრთხე იმალება უწყინარ ქვიზებს მიღმა ანუ გასაოცარი სიზუსტე

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და შესაძლებლობების სამყაროში, პერსონალური მონაცემების მსგავსი ხელმისაწვდომობა, კიდევ უფრო უადვილებს კომპანიებს სხვადასხვა მიზნებისთვის პერსონალური მონაცემების მოპოვებას და შემდგომ გამოყენებას.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ყველა პერსონალური მონაცემი - ფოტო/ვიდეო, მიმოწერა თუ მოსაზრება - შეიძლება იყიდონ, გაყიდონ ან სულაც მოიპარონ. ნებისმიერ ვებ-გვერდს, რომელსაც ხელი მიუწვდება მილიონობით მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე, შეუძლია ეს ინფორმაციას სხვადასხვა მიზნით გამოიყენოს. ხოლო თუ კი ვინმეს თქვენი პერსონალური ინფორმაცია ხელში ჩაუვარდბა, ის შეძლებს ამ ინფორმაციის გაანალიზებით, გასაოცარი სიზუსტით შეძლოს მანიპულირება თქვენზე. პერსონალური ქვიზები კი სწორედ ამ მექანიზმის ერთ-ერთი ნაწილია.

გავიხსენოთ 2018 წელს Facebook-ის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებული  სკანდალი, როდესაც New York Times-მა, Channel 4-მა და The Guardian-მა ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს. მათ მიერ მოპოვებული მასალებიდან კი გაირკვარომ Facebook-ის 50 მილიონი მომხმარებლის ანგარიში დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულმა კომპანიამ კემბრიჯ ანალიტიკა“ საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენა. ეს პროცესი კი სწორედ Facebook-ზე განთავსებული კითხვარებით დაიწყო. 2013 წელს Facebook-ზე გავრცელდა აპლიკაცია - this is your digital life,  რომელიც სპეციალური ქვიზის მეშვეობით მომხმარებლებს მათი პიროვნების ტიპის დადგენას სთავაზობდა. სინამდვილეში აპლიკაცია მომხმარებელთა შესახებ ფსიქოლოგიური მონაცემებისა და მათი მეგობრებისა და ახლობლების შესახებ, ასევე მათი მისამართისა და სხვა პერსონალური მონაცემების შეგროვებისთვის იყო შექმნილი. ეს ფაქტი კი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად რთულია იმის კონტროლი თუ რისთვის იყენებენ ერთი შეხედვით მარტივი/უწყინარი აპლიკაციები თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

მიუხედავად აღნიშნული საქმისა, Facebook-ის წარმომადგენლის თქმით მსგავსი სახის კითხვარები პლატფორმიდან სრულად არ აკრძალულა, რასაც ფაქტებიც მოწმობს.


როგორ ავარიდოთ თავი ჩვენი მონაცემების უკონტროლო დამუშავებას სოციალურ ქსელში?

რა თქმა უნდა, Facebook-ის ყველა პერსონალური ქვიზი თქვენი მონაცემების შესაგროვებლად არ შექმნილა, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლებს მუდმივად სიფრთხილე მართებთ.

იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ თქვენი მონაცემების უკონტროლო დამუშავება, სკეპტიკურად უნდა განეწყოთ Facebook-ზე არსებული პერსონალური კითხვარების მიმართ. სანამ კითხვარის ბმულზე გადახვალთ, დაფიქრდით, მიიღეთ საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვისი შედგენილია კითხვარი? არის თუ არა ეს ორგანიზაცია/კომპანია სანდო?

თანამედროვე ციფრულ სამყაროში რთულია პერსონალური მონაცემების დაცვა, მაგრამ არჩევანი ჯერ კიდევ გვაქვს და მხოლოდ ის, რომ რაღაც მარტივი და უწყინარი ჩანს ავტომატურად მის ნამდვილობასა და სანდოობას არ ადასტურებს.

 

 

 



2.3 In case the User registers and logs in to the Service through a third party – Facebook - the User gives the Website permission to access and use all his/her data available through Facebook: public profile, photos, friends list, e-mail address and "Like", comment, share information.“