საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ge en
პერსონალურ მონაცემთა დაცვა პანდემიის დროს N2
 27/04/2020

 

პანდემიის დროს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის თემაზე IRC-ს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუქის მომხმარებელთა მხრიდან. დისკუსიის მთავარი თემა უკავშირდება ინფიცირებულთა მონაცემების გასაჯაროებას, ანუ მათი ვინაობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.


ძირითადი კითხვები შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

·         რატომ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ იმ ადამიანების ვინაობა ვისაც ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა?

·         რატომ არ უნდა შეეძლოს დანარჩენ საზოგადოებას ინფიცირებულთა შესახებ ინფორმაცია გამოიყენოს თავის დასაცავად და ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის?

·         ნუთუ სხვა ადამიანთა ინტერესი თავიდან აირიდონ ინფექცია და სიკვდილს გადაურჩნენ, არ აღემატება ინფიცირებულთა ინტერესს, მათი მონაცემების გაუმჟღავნებლობის შესახებ?

წინამდებარე ტექსტის მიზანია ზემოაღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა შეძლებისდაგვარად მარტივი, არაპროფესიული ენით.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი იდეა - ზოგადი წესი

ადამიანთან დაკავშირებული ინფორმაცია, მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები, ოჯახური მდგომარეობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ფინანსების შესახებ მონაცემები, ადგილსამყოფელი და ა.შ. ანუ ნებისმიერი მონაცემი რომელიც ადამიანს შეეხება, წარმოადგენს მის პერსონალურ მონაცემს და მხოლოდ ამ ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული თუ ვისთვის შეიძლება გახდეს ცნობილი ეს მონაცემები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველა ადამიანს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს მის შესახებ ვინ რა ინფორმაციას შეიძლება ფლობდეს.

 

გამონაკლისები ძირითადი წესიდან

ადამიანის ზემოაღნიშნული უფლება აბსოლუტური არ არის რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში ის იზღუდება და ადამიანის შესახებ მონაცემები მისი ნებისგან დამოუკიდებლად შეიძლება გააჩნდეთ სხვა პირებს ან/და სახელმწიფოს.

სამწუხაროდ, ჩვენი სამყარო ისე არ არის მოწყობილი რომ ყოველთვის და ყველა გარემოებაში, მხოლოდ ერთი ადამიანის ნებაზე იყოს დამოკიდებული თუ ვის ექნება მის შესახებ ინფორმაცია. თანამედროვე საზოგადოებასა და სახელმწიფოში სხვა ადამიანებთან თანაარსებობა განაპირობებს რომ ჩვენი პერსონალური მონაცემები, რა თქმა უნდა, შესაბამისი წესების დაცვით,  შეგროვდეს და დამუშავდეს ჩვენი ნების გარეშეც.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს არაერთ შემთხვევას, როდესაც მოქალაქის პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს თავად მისი თანხმობის გარეშე.  

ასეთი „გამონაკლისები“ შეეხება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც. კერძოდ, ადამიანის თანხმობის გარეშე მისი ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები შეიძლება დამუშავდეს თუ:

„მონაცემები მუშავდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის ან დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის“.

სწორედ აქ ხდება აქტუალური ზემოთ ჩამოთვლილი კითხვების შინაარსი - ინფიცირებულთა ვინაობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნება და ამ გზით სხვების ინფიცირების თავიდან არიდება, ნუთუ  მიზანს არ ემსახურება? 

შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ კანონი ჯანდაცვის დაწესებულებას და სახელმწიფოს ამ მიზნის მიღწევას ავალდებულებს ინფიცირებულის შესახებ ინფორმაციის სხვა პირებისთვის გადაცემის გარეშე. ანუ იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ჯანდაცვის დაწესებულებას პირის თანხმობის გარეშე მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის დამუშავების უფლება აქვს, ეს უფლება არ მოიცავს იგივე მონაცემების სხვებისთვის გადაცემის უფლებას. მიზანი - სხვა პირის ჯანმრთელობის დაცვა, მიღწეული უნდა იქნეს ამ ინფორმაციის სხვა პირებისთვის გამჟღავნების გარეშე.

განსხვავებით ისეთი მონაცემებისაგან, როგორიცაა მაგალითად პირის მისამართი, პირადი ნომერი, ფინანსები და ა.შ. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია განეკუთვნება „განსაკუთრებული კატეგორიის“ მონაცემს, რომლის გასაჯაროება და სხვა პირებისთვის გადაცემა, თავად ამ პირის თანხმობის გარეშე ცალსახად აკრძალულია! მაშინ როცა სხვა მონაცემებთან დაკავშირებით, ასეთი მკაცრი აკრძალვა არ არსებობს.

 

კიდევ ერთი არგუმენტი ინფიცირებულთა შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების წინააღმდეგ

მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემის ცალსახა აკრძალვისა, ამ კონტექსტში საინტერესოა  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი - „მონაცემთა მინიმიზაცია“:

მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად.  მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი;

ეს პრინციპი გულისხმობს რომ მონაცემების დამუშავების (თუნდაც გადაცემის) უფლების მოპოვებისთვის  საკმარისი არ არის უბრალოდ მისი საჭიროება და სარგებლიანობა მიზნის მისაღწევად, არამედ ეს აუცილებელი უნდა იყოს მიზნის მისაღწევად. სხვაგვარად, ანუ ამ მონაცემების დამუშავების გარეშე შეუძლებელი უნდა იყოს იგივე მიზნის მიღწევა.

თუ გვინდა რომ საკითხი კიდევ  უფრო გავამარტივოთ და აღნიშნული პრინციპი ჩვენთვის საინტერესო თემას მოვარგოდ, კითხვის ფორმულირება იქნება შემდეგი:

აუცილებელია თუ არა ინფიცირებულთა შესახებ მონაცემთა საჯაროდ გამოქვეყნება თუ მათი ვინაობის გამჟღავნების გარეშეც შეგვიძლია ინფექციის გავრცელების პრევენცია ?

ჩვენი პასუხია კი! არსებობს სხვა მრავალი გზა, რომელიც ნალკებად არღვევს კერძოობის უფლებას (Right to Privacy), სახელობითი სიის გამოქვეყნებას არ ითვალისწინებს, მაგრამ მიზნის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.

 

განვიხილოთ რამოდენიმე მაგალითი:

·         მაგალითი N1 - უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა იმოგზაურეს საქართველოში. საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების შემდეგ მათ დაუდასტურდათ დიაგნოზი. მოგზაურობის სრული მარშრუტი, მათ შორის ის გასართობი ადგილები (კაფე, ბარი, სასტუმრო) რომლებშიც ინფიცირებული პირები იმყოფებოდნენ დეტალურად გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი თავად მათი ვინაობის გამხელის გარეშე. ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ ადამიანი თავად ხვდება ჰქონდა თუ არა სავარაუდო კონტაქტი ინფიცირებულ პირთან და იღებს შესაბამის ზომებს. აღნიშნულ მაგალითში მიზნის მისაღწევად ანუ შესაძლო კონტაქტების გამოსავლენად სავსებით საკმარისია მოპოვებული ინფორმაცია და არავითარი დამატებითი სარგებელი არ მოაქვს პირის ვინაობის გამხელას.

·         მაგალითი N2 - ჩვენს სამეზობლოში ინფიცირებული პირია - არსებობს რისკი, რომ ჩვენ ერთდროულად ვიყავით უბნის მაღაზიაში, ან ლიფტით ვიმგზავრეთ მასთან ერთად. არ უნდა ვიცოდეთ? არ უნდა გავფრთხილდეთ, რომ მოვერიდოთ ოჯახის წევრებს და დროულად მივმართოთ ექიმს? რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესი ლეგიტიმურად გამოიყურება, მაგრამ შესაძლებელია თუ არა ჩვენი ინტერესები ნაკლები მონაცემის გამჟღავნებით, ანუ სხვის პირად ცხოვრებაში ნაკლები ჩარევით დავიცვათ? ასეთ შემთხვევაში გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ჩვენს სადარბაზოში/სამეზობლოში ინფიცირებული პირია, საკმარისია მიზნის (საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა) მისაღწევად. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავფრთხილდეთ ადამიანთან ახლო კონტაქტისას (ლიფტში ერთად ყოფნა) და დავიცვათ რეკომენდებული დისტანცია. თუ ჩვენ წესების დაცვის გარეშე ვიყავით კონტაქტში სხვა ადამიანებთან, დაინფიცირების რისკი ნებისმიერ შემთხვევაში დიდია.

·         მაგალითი N3 - ქალაქის რომელიღაც კონკრეტულ მონაკვეთში, ერთ-ერთ უბანში რამდენიმე დაინფიცირებული გამოვლინდა. ჩვენი მიზანია ვიცოდეთ ამის შესახებ და მოვერიდოთ იმ უბანში მაღაზიაში შესვლას. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია განზოგადებული ინფორმაციის მიღებით, მაგ. რუკაზე შესაბამისი არეალის მონიშვნით და სულაც არ არის აუცილებელი თითოეული ინფიცირებულის სახელისა და გვარის ცოდნა

·         მაგალითი N4 - ჩვენს თანამშრომელს დაუდგინდა ინფიცირება. ასეთ შემთხვევაში მიზნის მისაღწევად საკმარისია ინფორმაცია რომ ვიღაც ჩვენს ასე ახლო გარემოცვაში დაინფიცირდა. რეკომენდაცია ექიმისთვის მიმართვის შესახებ ინფიცირებული პირის სახელის ცოდნის გარეშეც უნდა დავიცვათ, პირის ვინაობის გამხელა ასეთ შემთხვევაში არანაირი დამატებითი სარგებელი არ მოაქვს, რადგან შესაძლოა დღის განმავლობაში საერთოდ არ გვქონოდა პირადი კონტაქტი ამ ადამიანთან, მაგრამ მის შემდეგ ვისარგებლეთ საერთო სივრცით ისე, რომ არც კი ვიცოდით ვინ იყო იქ ჩვენამდე. ხოლო მასთან შემდგომი შეხვედრა გამორიცხულია, ვინაიდან ის ისედაც სამკურნალოდ ან კარანტინში იქნება გადაყვანილი.

 

რა გავარკვიეთ?

ინფიცირებულთა ვინაობის გამჟღავნება და მათ შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნება დაუშვებელია რამდენიმე მიზეზის გამო:

ა) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ (მუხლი 6, პუნქტი 3) სამედიცინო დაწესებულებებს უკრძალავს პირის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების გასაჯაროებას თავად ამ პირის თანხმობის გარეშე. სამედიცინო დაწესებულებებს მაშინაც ეკრძალებათ მსგავსი ინფორმაციის გამჟღავნება, თუ თავად კანონიერად ფლობენ და ამუშავებენ ამ მონაცემებს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შედეგად კანონის აღნიშნული ამკრძალავი წესის მოქმედება არ შეჩერებულა.

ბ) ინფიცირებულთა შესახებ მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნება არ არის აუცილებელი ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნის მისაღწევად. ამ მიზნის მიღწევა სხვაგვარადაც შეიძლება. არსებობს სხვა მრავალი გზა, რომელიც ნალკებად არღვევს კერძოობის უფლებას (Right to Privacy), ანუ სახელობითი სიის გამოქვეყნებას არ ითვალისწინებს, მაგრამ მიზნის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.